“გამაგებინეთ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ?” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

14
spot_img

რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ. ვინ ხართ? რანი ხართ? ერთი კონკრეტული არგუმენტი მოიტანეთ ადეკვატური,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ნაწილს, სადაც “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, დასავლეთს კაპიტალი ოფშორში აქვს წარმოდგენილი, იქ არის შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი და მთელი რიგი მარტივი პროცედურები.

„ეს კანონპროექტი რამდენიმე დღეა, რაც მეილზე გვაქვს გაგზავნილი. გუშინ იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც ოპოზიციური სპექტრია წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ „გირჩი“ იყო. მათ საკუთარი ხედვა აქვთ, საერთოდ გადასახადი რომ არ უნდა არსებობდეს, საკუთარი ფილოსოფია აქვთ. თქვეს, ჩვენ ვემხრობითო, უბრალოდ კითხვები აქვთ და აზუსტებენ.

დანარჩენებს, არც დასიზმრებით ეს თემა გუშინ. წუხელ, დახურულ „ჩატებში“ შემოთავაზება ჩავარდა, პარლამენტში რაღაც კანონპროექტია ოფშორებთან დაკავშირებით და იქნებ რაიმენაირად ივანიშვილს და რუსულ თემას დააკავშიროთო. ქალბატონო ნატო, (ჩხეიძე) გატყუებენ, რუსული ფულის შემოტანაზე არ არის საუბარი. სამადაშვილი საუბრობდა აქ, ჭუჭყიანი “სფიჩი ” რომ ჰქონდა, ოღონდ საკუთარი თავი “გაიპრავოს”, უსაქმურად რომ ზის. ჯერ ევროკავშირში იყო ელჩი და ხელმოცარულ ელჩად დარჩა. ვერაფერი გააკეთა, რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა და ერთი ხმა ვერ ამოაღებინა დასავლეთს, რეზოლუციაში კიდევ ქართველი ბიჭები გაამტყუნეს. ეს ზის აქ და „იპრავებს“. სწორია ეს ხალხი, გარეთ რომ დგას, მათი მომხრეები, რატომ სხედხართ, გამოდითო. ეს ხელფასი რომ არ დაკარგოს, კეკლუცობა რომ აქვს, არ უნდა ეს დაკარგოს და თავს „იპრავებს“.

მინდა გოცირიძეს მივმართო, ოფშორებზე ლექცია აქვს წაკითხული ჩემთვის თავის დროზე, როდესაც მასწავლიდა. მთელ საერთაშორისო დასავლეთს კაპიტალი ოფშორში აქვს წარმოდგენილი. იქ არის შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი და მთელი რიგი მარტივი პროცედურები. ახლა კანონების გამკაცრება ხდება, ტრილიონობით აქტივზეა საუბარი. ვცდილობთ საგადასახადო დაბალი განაკვეთებით, მშვიდობით კაპიტალი მოვიზიდოთ, აქ ჩამოვატანინოთ. გამაგებინეთ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა ასე? ერთჯერადი აქტია, რომ გადმოტანის დროს გავათავისუფლოთ, შემდეგ დასაბეგრი არეალი იზრდება, თუ აქტივი აქ გადმოვა. რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ. ვინ ხართ? რანი ხართ? ერთი კონკრეტული არგუმენტი მოიტანეთ ადეკვატური“, – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ „რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს“.

პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.