“გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო”- აშშ-ის ელჩი

19
spot_img

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა.

რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

„უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება სამუშაო ადგილზე უფრო ინკლუზიურები იყვნენ და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ. მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. იქ საქართველოსთვის არაფერია, მაგრამ რეალურად, ეს იმისთვის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს დაეხმაროს, უფრო ინკლუზიურები იყვნენ.

რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.