“გაძვირდება თუ არა საწვავი, ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული” – ვახტანგ იობაშვილი

18
spot_img

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, გაძვირდება თუ არა საწვავი, ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

როგორც იობაშვილმა განაცხადა, დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, ჯერ ნორმალური სიტუაცია არის, მაგრამ თუ საწვავის ბაზარზე ფასები მოიმატებს, ეს საქართველოზეც აისახება.

„მარტო ის ფაქტორი, რომ რუსეთმა შეაჩერა საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდება, ეს ფაქტორი არ იმოქმედებს საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარზე. მხედველობაში მქონდა ის, რომ არ შემოვიდოდა რუსეთიდან და შემოვიდოდა ევროპიდან, როდესაც ფასებში განსხვავება არ არის და ხარისხიც ევროპულია. ყოველთვის ვამბობდი იმასაც, რომ თუ საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე იქნებოდა ცვლილებები და ფასების ზრდა, ეს არა მარტო საქართველოზე, ყველა მომხმარებელ ქვეყანაზე იმოქმედებდა. მინდა გითხრათ, რომ ბარელზე 90 დოლარია, ძალიან არის გაზრდილი. როდესაც მხოლოდ ვყიდულობთ ამას და არ ვაწარმოებთ, მთლიანად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრებზე. მოიმატებს საერთაშორისო ბაზრებზე ფასი? იქნება ცვლილება ჩვენს შიდა ბაზარზეც“,-განაცხადა იობაშვილმა.

მისი განმარტებით, როდესაც ძალიან მწვავე კრიზისი იყო, საწვავის ფასი 5 ლარამდეც იყო გაზრდილი.

„მინდა გითხრათ, რომ არცერთ კომპანიას არ აწყობს კატასტროფულად დიდი ფასები იმიტომ, რომ უფრო მცირე რაოდენობით იყიდება. თუ კიდევ ზრდის ტენდენცია წავიდა, ფასიც მეტი იქნება, მაგრამ მყისიერად არ მოხდება“, – განაცხადა იობაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

მისი თქმით, საქართველოში საწვავის დეფიციტი არასდროს იქნება.

„გეოგრაფიული მიმოსვლა გვაქვს ისეთი, გვაქვს ზღვა, სახმელეთო მიმოსვლა, კარგი სატრანსპორტო საშუალებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეფიციტი არ შეგვექმნება“, – განაცხადა იობაშვილმა.