,,ევროპულ ოჯახში შესვლა მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო”- ბარამიძე

96
spot_img

ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის მიმართულებით, ოპოზიციას დიდი წვლილი მიუძღვის და ეს პროცესი, წლების წინ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამოიწყო.

როგორც გიორგი ბარამიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ევროპულ ოჯახში შესვლა მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

“ჩვენი წვლილი იყო კონსტრუქციული წინადადებების შეთავაზება, რომლებიც ამ რეჟიმმა უარყო. ყველა წინადადება, რომელიც მოდიოდა ოპოზიციიდან თუ ევროკავშირის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველა ეს წინადადება იყო ერთმნიშვნელოვნად უკუგდებული, ყველაზე ითქვა, რომ ეს არის არასწორი და მოღალატეობრივი ნაბიჯი, ყველა ეს ორგანიზაცია გამოცხადებულია აგენტებად და ა.შ. შესაბამისად, ოპოზიციის, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” წვლილი მთელს ამ წარმატებაში არის ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო რეალური სვლა, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მონა-მორჩილი გახლდით ამ პროცესის კოორდინატორი, ვიცე პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვიზებთან დაკავშირებით და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორებთან დაკავშირებით. ეს საერთოდ მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ეს წვლილი შეიტანა ჩვენმა პარტიამ. მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც საქართველოში არ არსებობდა. ეს რომ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს გუნდს არ შეექმნა, ვერაფერზე ვერ ვილაპარაკებდით და ამ რეჟიმის დამსახურება არის ის, რომ ჩვენ დღეს ვზეიმობთ იმას, რომ მოგვცეს რეკომენდაცია იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ვზეიმობთ იმას, რომ უკრაინასა და მოლდოვას ერთი საფეხურით ჩამოვრჩებით, რადგან წინა წელს ყველაფერი გააკეთა იმისათის, რომ პროპაგანდა ეწარმოებინა ევროკავშირის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბარამიძემ.