ევროპის მოედანზე კონცერტი იმართება

30
spot_img

თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე იმყოფება, იგეგმება ნინო ქათამაძის გამოსვლაც.

ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილებს კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე, პრობლემა და ხარვეზია, მაინც პრავალპარტიული დემოკრატია ჯობია ერთპარტიულ მმართველობას, ქუჩაში დგომა ჯობია მხარ-თეძოზე წამოგორებულ ყოფნას“.

„ეს მთელმა საქართველომ იცის. ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ ჩვენი თავის იმედი. არასდროს აღარ უნდა მივანდოთ ვიღაც არჩეულ თუ დანიშნულ ხელისუფლებას ძალაუფლება და ველოდოთ, იმის იმედი გვქონდეს, რომ უბრალოდ კეთილია და კარგად მოიქცევა. ჩვენ თვითონ ყველანი უნდა გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიას სჭირდება ნამდვილი მოქალაქეები, დღეს ათეულობით ათასი ასეთი მოქალაქე დგას აქ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს. უნდა იპოვონ ერთმანეთისკენ სავალი გზები, უნდა იპოვონ ერთმანეთთან კომპრომისები. პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატი პოლიტიკოსები, რადგან დემოკრატიას, პირველ ყოვლისა, დემოკრატები სჭირდება. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

კონცერტის დაწყებამდე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.