“ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის მათთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით ბიჭებოო” -სალომე ზურაბიშვილი

26
spot_img

“ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და პირიქით, ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკური პოლიტიკური პარტების წარმომადგენლების მიღებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას, ან აღვადგენთ ევროპულ გზას, ან წავალთ იმ მიმართულებით, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან გვაახლოებს.

“ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის მათთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით ბიჭებოო. ნათელი არჩევანია, ევროპული გზის გადარჩენის. ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები. რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, გთავაზობთ ერთობის ფორმულას, მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას. ამ დოკუმენტით დავიმსახურეთ გარკვეული ნდობა საზოგადოებისგან და პარტნიორებისგან, რადგან ხედავენ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელზეც თვითონ ფიქრობდნენ და მათ მოთხოვნებში ჯდება. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ, ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება. ეს არის მიზანი. მიზანი თვითონ არჩევნები არ არის, არჩევნები არის საშუალება, რომ შესრულდეს ეს ქარტია და ამან დაგვაბრუნოს ევროპაში. ამისთვის საჭიროა დიდი მობილიზაცია ამომრჩევლების, რადგან ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს იგებენ ძალიან რთულ პირობებში, მაგრამ არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება. მეც მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა იყოს ჩართული, არ შეიძლება ინდიფერენტულობა. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი არ არის. ეს მობილიზაცია ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე იყო ინერტული, არც არავინ უწყობდა ხელს, უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში. დღეს სულ სხვა რამ არის, მათთვისაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი, შენ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და ის, რომ ოკუპანტს არ ჩაუვარდეს ხელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.