ევროპაში რუსეთ-უკრაინის გაზსადენის მუშაობის შენარჩუნებაზე მსჯელობენ -Bloomberg 

20
spot_img

ევროკავშირის წარმომადგენლები მსჯელობენ, რუსეთ-უკრაინის გაზსადენის მეშვეობით გაზის მიწოდება 2025 წელსაც გაგრძელდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული კომპანიები აზერბაიჯანულ გაზს შეიძენენ, ევროპაში კი ის რუსული გაზსადენის მეშვეობით მოხვდება.

„ასეთი შეთანხმება დაეხმარებოდა ევროპას თავიდან აიცილოს რუსული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული უხერხულობა, იმ დროს, როცა ის მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ცდილობს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორების აზრით, ასეთი პერსპექტივის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეს უკრაინისთვის იქნება სასარგებლო. 2021 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზის ტრანზიტით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ომით დანგრეული ეკონომიკის დაფინანსება უზრუნველყო. ამასთან, არსებობს შიშები, რომ გამოუყენებელი მილები შესაძლოა სამხედრო სამიზნეები გახდეს ან გაფუჭდეს, მათი აღდგენა კი დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

აზერბაიჯანულ კომპანია Socar-ში გაზსადენთან დაკავშირებული გეგმების შესახებ Bloomberg-თან კომენტარი არ გააკეთეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილე შესაძლოა ასევე გახდეს გერმანული ენერგეტიკული კონცერნი Uniper SE. 2022 წელს, როდესაც რუსეთიდან გაზის მიწოდებები შემცირდა, გერმანიის მთავრობამ კომპანიის ნაციონალიზაცია განახორციელა, რათა მისი გაკოტრება არ დაეშვა.

Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ მაისში უკრაინაში გამავალი გაზსადენის გამოყენების გაგრძელების საკითხზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც მსჯელობდა, როდესაც აზერბაიჯანს ეწვია.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსულ „გაზპრომსა“ და აზერბაიჯანულ და უკრაინულ კომპანიებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც შეათანხმებენ ეკონომიკურ პირობებს. თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგა, სლოვაკეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტირებას შეძლებს. ამ გაზის ნაწილი სლოვაკეთში დარჩება, ნაწილი კი სხვა ქვეყნებში წავა“, – ციტირებს სააგენტო ფიცოს განცხადებას.

გამოცემასთან დეტალური კომენტარის გაკეთება არც სლოვაკეთის მთავრობაში ისურვეს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ამ შეთანხმებით მოგებას ნახავს, ავსტრიაა, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტროშიც შეიკავეს.

„რუსეთი ახლაც აგზავნის წელიწადში დაახლოებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ევროპაში უკრაინის გავლით, ძირითადად სლოვაკეთსა და ავსტრიაში, სადაც რუსეთი კვლავ დომინანტური მიმწოდებელია. რუსული გაზი ავსტრიის მოხმარების 80%-ზე მეტს ფარავს ზედიზედ ხუთი თვის განმავლობაში. ევროპა ასევე ახორციელებს რუსული თხევადი გაზის იმპორტს გემებით და ამ საკითხზე ხშირი დებატების მიუხედავად, ბრიუსელს არასოდეს დაუწესებია სანქციები რუსული გაზისთვის.

ევროკომისია თვლის, რომ ევროკავშირს შეუძლია გაუძლოს რუსული ტრანზიტის დასრულებას უსაფრთხოების სერიოზული რისკის გარეშე. მისი გეგმაა დაეყრდნოს ალტერნატიულ მომწოდებლებს და განახორციელოს თავისი ამბიციური კლიმატის სტრატეგია, მათ შორის მეტი განახლებადი ენერგიისა და ენერგიის დაზოგვა.

თუმცა ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ეშინიათ ენერგეტიკული კრიზისის განმეორების. ეს მათ უკრაინის ინტერესებთან აკავშირებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, უკრაინული კომპანია „ნაფტაგაზის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომლის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების უკრაინული სისტემა მუშაობას გააგრძელებს, რადგან ეს „დიდი აქტივია და მას მყიდველი სჭირდება“.

ამასთან, მარტში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ დაადასტურა, რომ კიევი არ აპირებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადის გაგრძელებას. მოქმედი კონტრაქტი ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება.

Bloomberg-ის შეფასებით, მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ სტადიაზე და მათ შედეგებს წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ, როდესაც „უკრაინასთან რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვას მიუახლოვდებით და ევროპას ზამთარი კარს მოადგება“.

„ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია და შეთანხმების მიღწევა გარანტირებული არ არის. ფრონტზე მოვლენების განვითარებაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.