ევროპა მღელვარების ახალ ეპოქაში შევიდა და ბრიტანეთსაც ითრევს – რას წერს უცხოური პრესა

56
spot_img

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპა მღელვარების ახალ ეპოქაში შევიდა და თან ბრიტანეთსაც ითრევს“ (ავტორი – მარტინ კეტლი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროპაში ისევ დადის აჩრდილი, მაგრამ არა კომუნიზმისა, როგორც ამას შეცდომით წინასწარმეტყველებდა კარლ მარქსი თითქმის 200 წლის წინათ. დღევანდელი აჩრდილი მოიცავს იმ რეგიონული და ეროვნული არასტაბილურობის ახალ მრავალ ფაქტორებს, რომლებიც ერთობლიობაში ევროპისა და მასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიღწეულ დემოკრატიულ სტაბილურობასა და პერიოდულ ეკონომიკურ ოპტიმიზმს ემუქრება“. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორ აიცილონ თავიდან ეს საფრთხე.

ნიდერლანდებში ჩატარებულ ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში ჰერტ ვიდერსის „თავისუფლების პარტიის“ წარმატება ევროპის მორიგი რყევის სიმბოლო გახდა. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში აქტიურად მხარი დაუჭირეს ანტიისლამურ და ევროსკეპტიკურ კამპანიას, იმას აჩვენებს, რომ უკიდურესად მემარჯვენე ძალები ყოველთვის იყო პრობლემა თითოეული ევროპული ქვეყნისათვის და ასეთად დარჩება. მაგრამ მსგავსი პარტიებისათვის ხმის მიცემის ზრდა კიდევ ერთ მოვლენაზე მიგვანიშნებს – აბსოლუტურად დიდზე, რომელიც „ევროპულ ეკონომიკურად დაუცველობასთან“ არის დაკავშირებული.

დღეს ყველა ევროპელის წინაშე ხუთი ერთმანეთთან ახლოს მდგომი პრობლემა არსებობს: სამხედრო საფრთხე რუსეთის მხრიდან, ეკონომიკური სტაგნაცია და არათანაბარი განვითარება, მიგრაცია ევროპის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, კლიმატური კრიზისის გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესუსტება. ამ სიას შეიძლება დაემატოს სხვა პრობლემებიც, მაგალითად, ინტერნეტის გლობალური ძლიერების ზრდა და ხელოვნური ინტელექტის გაჩენის ფაქტორი.

ეს პრობლემები გავლენას ახდენენ არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე. ევროპული არასტაბილურობის მსხვერპლნი აღმოჩდნენ კონტინენტის ფარგლებსგარეთ მდებარე ქვეყნებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთიც, ნორვეგია და, რასაკვირველია, უკრაინა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველაზე მთავარის – რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას.

რუსეთ-უკრაინის ომი ისე არ მიდის, როგორც ეს დასავლეთს სურს. ევროპამ მნიშვნელოვანი საშუალებები დახარჯა, მაგრამ მისი დახმარება გადამწყვეტი არ არის. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს უკრაინისადმი დახმარების „ტვირთის ზიდვა“, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მალე წყალში ჩაიყაროს – გააჩნია, თუ როგორ დასრულდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. სამწუხაროდ, ევროპას არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება. და თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპი გახდება, ბრიუსელი ცუდ დღეში ჩავარდება. უკრაინის მხარდაჭერის სიმძიმის ცენტრი ამერიკიდან ევროკავშირში გადმოიწევს. ომის გაჭიანურება ევროპისათვის უკვე რეალობაა და თუ ბრიუსელი უკრაინას ვერ დაიცავს, „მაშინ ის საკუთარ თავსაც ვერ უპატრონებს“.

დეკემბერში ევროკავშირი, როგორც მოსალოდნელია, თავის რიგებში უკრაინის მიღების ოფიციალურ პროცესს დაიწყებს. მიუხედავად უნგრეთისა და კიდევ ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობისა, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, უკრაინის გაწევრიანებას მწვანე შუქს აუნთებენ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სოლიდარობის მნიშვნელოვანი აქტი იქნება, მაგრამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნეგატიურ შედეგებსაც გამოიწვევს: მოხდება ევროკავშირის საზღვრების გადაწევა უშუალოდ რუსეთისაკენ, გაიზრდება ფინანსური ხარჯები უკრაინის ეკონომიკის აღდგენის გამო და წარმოიქმნება სერიოზული მიგრაციული პრობლემა, რაც სხვა ქვეყნებსაც ჩაითრევს.

უკრაინელთა მიგრაცია ევროკავშირისათვის დღეს ძალიან დიდ სირთულეებს უმზადებს: მიგრანტებს დახმარება დაჭირდებათ, ბრიუსელს კი წინ ფინანსური კრიზისი ელოდება. შესაბამისად, არც დასავლეთ ევროპულ და არც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს არ სიამოვნებთ 44-მილიონიანი უკრაინის მეზობლობა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის, მაგრამ ევროპული პრობლემები მასზე მაინც გავლენას ახდენს. რასაკვირველია, მათი მოგვარება ერთობლივი ძალებით უფრო იოლია, მაგრამ ლონდონი ამ მიზნით, ბუნებრივია, ბლოკში აღარ დაბრუნდება. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს.

 

წყარო