ევროკომისია, უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საგანგებო უწყებას შექმნის

20
spot_img

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგანგებო უწყება – აუდიტის სამსახური, რომელიც უკრაინული მხარისთვის გაწეულ დახმარებას შეამოწმებს და ამავე დროს უკრაინაში კორუფციის პრევენციის მიზნით ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ Deutche Welle ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს.

აუდიტის სამსახურის საგანგებო კომისიაში 3 წევრი იქნება და მისი შტაბი ბრიუსელში დაიდებს ბინას. აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი მისია იქნება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება, როდესაც საქმე ეხება კიევთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების კონტროლს.

გადაწყვეტილება ევროკომისიამ 12 ივნისს მიიღო და ის უწყების ცნობარში 17 ივნისს გამოქვეყნდა. ახალი უწყება 2028 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს და ბრიუსელთან ერთად, ამ უწყების მეორე ოფისი კიევშიც იქნება.

გათვალისწინებულია, რომ ევროკომისიის მიერ კორუფციის წინააღმდეგ შექმნილმა ამ აუდიტის სამსახურმა წელიწადში მინიმუმ 6 შესაბამისი კვლევა და სხდომა უნდა ჩაატაროს. ასევე, როგორც თავად უწყების მიერ გავრცელებულ დებულებაშია ნათქვამი, „ვითარებიდან გამომდინარე“ სასურველია წელიწადში ექვსჯერ აუდიტორთა ვიზიტი კიევშიც შედგეს.

ჯერ კიდევ ივნისში, ევროკავშირმა მომავალი სამი წლის განმავლობაში კიევს 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება დაუმტკიცა. ევროკავშირისგან მიღებული დახმარების სრული პოტენციალის გამოყენების მიზნით, ბრიუსელი კიევისგან მოითხოვს უკრაინული საგადასახადო სისტემის რეფორმას, გაწეული დახმარებით დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმების შესაძლებლობას და ადგილობრივი მასშტაბით კონტროლის დამოუკიდებელი მექანიზმების ჩამოყალიბებას.