“ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან, რითაც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად”

37
spot_img

კანდიდატის სტატუსის პირობებში, ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან და რეკომენდაციებთან, რითაც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის საელჩოში სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხად განაცხადეს.

„ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია განათლების სფეროში. საქართველო სარგებლობს ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამით, რომელიც ქვეყანას სთავაზობს კრედიტების საერთაშორისო მობილობას, Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს, შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, ჟან მონეს პროგრამას. სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ გრანტი თავიანთი უნივერსიტეტიდან მოკლევადიანი მობილობისთვის 2-დან 12 თვემდე ან ჩაირიცხონ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე საკუთარი დაფინანსებით.

კანდიდატის სტატუსის პირობებში, ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან და რეკომენდაციებთან, რითაც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად. მაგალითად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „ევრიდიკეს ქსელში“ (Eurydice Network), რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, გაეცნოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განათლების სისტემების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. გარდა ამისა, საქართველოს ცოტა ხნის წინ შესთავაზეს წარმომადგენლების წარდგენა ევროპის განათლების სივრცეში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად.

2007 წლიდან ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული განათლებისა და სასწავლო სისტემის რეფორმირებას, პროგრამების შინაარსობრივი მხარის მოდერნიზაციას, დამსაქმებლებთან პარტნიორობის შექმნას, მოქალაქეების ინფორმირებას არსებული შესაძლებლობების შესახებ და ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი საშუალებას აძლევს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ პედაგოგებსა და სტუდენტებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ინიციატივებში და გაცვალონ არსებული საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.