ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა

31
spot_img

ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ, აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს  ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა.