ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

31
spot_img

ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა თანამოსაუბრეებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს.

„შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი ნაბიჯების დეტალური განხილვა. კერძოდ, ე.წ. სკრინინგის პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას“, – განმარტა კრისტინა გერასიმოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უკრაინის დელეგაციამ ასევე მიიღო მონაწილეობა „სკრინინგის“ დაწყებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში – ეს არის უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.