ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

24
spot_img

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე დაახლოებით 30 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, „რომლებიც პასუხისმგებლები არიან ალექსეი ნავალნის სიკვდილზე“.

ამასთან, ჯოზეფ ბორელს აღნიშნული პირები და ორგანიზაციები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს არქტიკის ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ქმრის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინი და რუსეთის სახელმწიფო არიან პასუხისმგებელი.