,,ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის ეგზისტენციალური საკითხია”- პრეზიდენტი

23
spot_img

ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის ეგზისტენციალური საკითხია. ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი. არჩევანი არ არსებობს. რისი გაზიარებაც მინდა ისაა, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე -„უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ –  დასმულ კითხვას – „რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?“

ზურაბიშვილის თქმით, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არა მხოლოდ შეიჭრა უკრაინაში და ყველა ქვეყანას კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ მას ახლა თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რამაც შესაძლოა, კომუნიკაციებსა და ქვეყნების მთლიან ლოჯისტიკას საფრთხე შეუქმნას.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, რათა დაჩქარდეს რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და წინ აღვუდგეთ ავტოკრატიათა ალიანსს, რომელიც ამწვავებს ტერორიზმსა და კიბერშეტევებს. ყველა საფრთხე, რომელიც მოდის, ერთი და იგივე მიმართულებიდან მოდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მიუნხენში უსაფრთხოების მე-60 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. კონფერენცია 16-18 თებერვალს მიმდინარეობდა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ.

პრემიერის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას და ისე იქცევა, როგორც თავად სურს.

„სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომლებიც მის თაროზე, სადღაც, წიგნის სახით დევს. ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს და იქცევა ისე, როგორც სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის უცხოეთშიც, მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის სადაც ისაუბრებს, ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, ამისი ბევრი მცდელობა ექნება“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილიც.

მისი თქმით, ზურაბიშვილი სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურება და მან ღალატი ჩაიდინა.

პირადად ვიტყვი, ახლა უკვე ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და, სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.