განწყობა არის იქითკენ, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს. ევროკავშირის გაფართოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოებისთვის, არამედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვისაც, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
„თუმცა არის განსხვავებული შეხედულებებიც და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა გარკვეული დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა. მოლოდინები ამ მიმართულებით ალბათ უფრო პოზიტიური უნდა იყოს, რადგან ყველა საკითხზე, რომელიც მიიჩნევა, რომ კრიტერიუმია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველოს ამ კუთხით ძალიან სერიოზული შესაძლებლობები აქვს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის შეხვედრები გრძელდება. მთავარი თემა 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ორგანიზაციის შემდგომი გაფართოებაა. მსჯელობა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე.