ევროინტეგრაციის ოფიციალურ დოკუმენტში ოპოზიციამ საქართველოს მხარი არ დაუჭირა -მამუკა მდინარაძე

30
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია ოპოზიციის განცხადებები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ისინი არ ჩააყენა საქმის კურსში, რა რეზოლუციას ამზადებდნენ „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირებისთვის.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი შესაბამისი წესით იყო დარიგებული და მისი ნახვა ნებისმიერ მათგანს შეეძლო.

„მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, რადგან დარეგისტრირებული იყო. იყო თხოვნები ჩვენი მხრიდან, თუმცა მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ რომ სიტყვა არ ეთქვა, მტკიცებულება არსებობს, დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ნახვა და ნახავდნენ. ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ მარტივი ტყუილია. ისინი ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ. როდესაც შეიძლებოდა, ერთობა დაფიქსირებულიყო, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში დოკუმენტალურადაც კი დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე და კიდევ ერთ მკაფიო განაცხადზე იყო საუბარი. არ ვიცი, მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ათასგვარი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ქართული ოპოზიციისგან თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტამდე იცოდნენ, რომ უკრაინის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ რეზოლუციას.

„უარი არ მიგვიღია, ამაშია საქმე. ბოლო წუთამდე გვპირდებოდნენ და რომ დადგა შესაბამისი დრო, როცა ამოიწურა ვადა, აღმოჩნდა, რომ ისინი არ აწერენ ხელს. მარტივი ამბავია. არც ყოფილა სხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ამის საჭიროება. უკრაინელები ხელს აწერდნენ, საერთოდ რომ არ მოეწერა ხელი ქართულ ოპოზიციას. მათი მხრიდან ნამდვილად არ იყო წინასწარი თანხმობა. ბოლო წუთამდე უკრაინელებისგან იყო თანხმობა. ბოლო წუთს, როდესაც უკვე ამოიწურა დაინიცირების შესაბამისი ვადა, აღმოჩნდა, რომ უკრაინელები მხარს არ უჭერდნენ. ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი და დეტალურად, მტკიცებულებების დონეზე, შეიძლება მესიჯების დონეზეც კი გამჟღავნდეს ეს ყველაფერი. ოპოზიცისგან არ იყო თანხმობა. ოპოზიცია ფიქრობდა, მაგრამ უკრაინელებისგან იყო თანხმობა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.