“ეუთო/ოდირის დასკვნას წავიკითხავ, შევისწავლი და შევეცდები, ჩემი პოზიცია ჩამოვიყალიბო” – მიხეილ სარჯველაძე

105
spot_img

ეუთო/ოდირის დასკვნას წავიკითხავ, შევისწავლი და შევეცდები, ჩემი პოზიცია ჩამოვიყალიბო, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ აზრს შემაცვლევინებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, არსებულმა პოლიტიკურმა ტემპერატურამ ან ინფორმაციის უქონლობამ განაპირობა ის, რომ ეუთო/ოდირს კითხვები გაუჩნდა.

“გამიკვირდა ასეთი დასკვნის მიღება, რადგან მე პირადად განსხვავებული მოსაზრება მაქვს, გავეცნობი, შევისწავლი. შეხედულებას მოსმენა სჭირდება და გააზრება, თუმცა, იმდენი მოსაზრება მოვისმინე, არ მგონია, რაიმე ახალი მოვისმინო თვისობრივად ისეთი, რომ რადიკალურად შემიცვალოს შეხედულება.

თქვენ რა კითხვაც დასვით ციტირებით, ამ ციტირებიდანაც ჩანს, რომ გარკვეული ინფორმაციის უქონლობამ განაპირობა ის, რომ ისინი ვერ დარწმუნდნენ, რომ სტანდარტის დამაკმაყოფილებელია კანონი. მზად ვარ სიღრმისეულად განვიხილო ეს დასკვნა და ვნახო, რა არგუმენტებზე დაყრდნობითაა.

მგონი, უფრო პოლიტიკური ტემპერატურა და ემოციური ნაწილია, რამაც შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები შეუქმნა შემფასებლებს და ამის გავლენით გაუჩნდათ კითხვები, მაგრამ არ მგონია, თუკი ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას ამასთან დაკავშირებით, ვერ მივიდეთ საერთო პოზიციამდე, რომ არაფერი ისეთი არ ხდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იწვევდეს ასეთ შეფასებებს. მოვა ეს დასკვნა, წავიკითხავ და შევეცდები ჩემი პოზიცია ჩამოვიყალიბო, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ აზრს შემაცვლევინებს ეს, წინასწარი განწყობა ასეთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვარ კონსტრუქციულად განწყობილი, შეიძლება პრეცედენტი ვნახო რაიმე ისეთი, ან შეიძლება რაიმე დოქტრინაზე იყოს მითითება, რამაც შეიძლება დამარწმუნოს, მაგრამ ასეთი წინაპირობა არ მგონია იყოს, ასეთი მოლოდინი არ მაქვს, უბრალოდ, ვერ გამოვრიცხავ,”- განაცხადა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.