ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას მთავრობასთან საქართველოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში თავისი მონაწილეობა არ განუხილავს. ასე უპასუხა მან ცენტრისტული პარტიის დეპუტატის, ლაური ლაატსის კითხვას, რამდენად მისაღებია ცაჰკნას მონაწილეობა საქართველოში გამართულ ანტისამთავრობო მიტინგში და იყო თუ არა ეს ნაბიჯი შეთანხმებული მთავრობასთან.
„წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნის, მაგალითად საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდოდა ჩვენთან კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე მაინტერესებს, შეთანხმებული ჰქონდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარი გეგმები თუ ეს სპონტანური ქმედება იყო?“ – იკითხა ლაური ლაატსმა.
კაია კალასმა მინისტრის ქმედებების შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქმედებები განხილული არ ყოფილა.
„გვესაუბრა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი მიტინგში საკუთარ მონაწილეობაზე? არა, არ უსაუბრია, მაგრამ ნათელია, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, არასწორი მიმართულებით გადადგმული ასეთი ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმების კუთხით ახორციელებენ, აღარ წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეს, აქ სასწორზე დგება ნდობა მთელი ევროკავშირის მიმართ. მე არ შევაფასებ მის გამოსვლას მიტინგზე. ის ფაქტი, რომ ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში, რათა გამოეცხადათ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ – ჩემი აზრით, უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპა მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა კაია კალასმა.