„ესაა დანაშაული და არა შემთხვევითი”- მაია ნიკოლეიშვილი

238
spot_img

არაოფიციალურად გამოტანილს ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად შესულ, პოლონელი ექიმის ქმედების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, პოლონელი ექიმი შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს და მან კარგად იცოდა, რომ პატიმრიდან ერთი ნაგლეჯი ფურცლის გამოტანაც დანაშაულია.

„ესაა დანაშაული და არა შემთხვევითი. საინტერესო რა არის? – ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს. ანუ, მან იცის, რომ პატიმრისგან გამოტანილი ერთი ნაგლეჯი ფურცელი, თუნდაც ერთი ასო ეწეროს, უკვე დანაშაულია.

არაოფიციალურადაა გამოტანილი და ამას ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე. შეგიმოწმებენ? ბიოლოგიური მასალა იმ ადამიანისაა, დნმ იგივეა. თუ გეტყვიან, არა, ბატონო, ნინო ნადირაძემ რომ შეინახა, იმაში არ არის, აგერ, ეს ხომ მისი დნმ-ია. აქ არის!

რაც ვერ გააკეთეს პირველ სერიაში, იმ მილიონად შეფასებულმა ექიმებმა და ექსპერტებმა, უნდა გაეკეთებინა ამათ. როგორც ჩანს, ესენი უფრო ძლიერად თვლიან თავს, ანუ გაყალბების უფრო დიდოსტატებად ჩათვალეს თავი. ის, ვინც მუშაობდა შინაგან საქმეთა ლაბორატორიაში, როგორც ჩანს, მან ეს სითავხედე თავის თავზე აიღო“, – განაცხადა ექსპერტმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.