“ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს” – კახა ოქრიაშვილი

70
spot_img

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე – მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.