„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აფხაზეთის ომის დაწყების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში საქართველო თავისივე მოსახლეობას ისტორიის შესახებ აწვდის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, ან ნახევრადსიმართლეს, რის გამოც მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მისი ქვეყნის ისტორიაზე ელემენტარული რეალური ინფორმაცია არ აქვს.
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირადად ჩემთვის არსებობს რვა საკრალური თარიღი, როდესაც ადგილი ჰქონდა ჩვენთვის საბედისწერო მოვლენების დასაბამს. დღემდე პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, აქედან ძირითადია: ეს იყო შეცდომა, დანაშაული, ვის მიერ ინსპირირებული და რა მიზნით. აი ეს თარიღები:
1989 წლის 9 აპრილი
1989 წლის 23 ნოემბერი
1991 წლის 21 დეკემბერი
1992 წლის 14 აგვისტო
2003 წლის 23 ნოემბერი
2004 წლის 31 მაისი
2006 წლის 22 ივლისი
2008 წლის აგვისტო…
საქართველო უკანასკნელ 34 წელიწადს თავისივე მოსახლეობის უკვე მერამდენე თაობას საკუთარ ისტორიაზე აწვდის ან ურთიერთგამომრიცხავ, ან ნახევრადსამართლიან, ან სრულიად გამრუდებულ წარმოდგენებს. ტოტალურ სიცრუესთან გაიგივებულ ამ ვითარებაში მივიღეთ დღევანდელი რთული სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მდგომარეობა.
მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ვერ ვაწვდით ელემენტარულ რეალურ ინფორმაციას მათი ქვეყნის უახლოეს ისტორიაზე. ვერ შევქმენით ისტორიის ვერცერთი სახელმძღვანელო, სადაც გულწრფელობასთან მიახლოვებულ ფორმატში, ავსახავდით საკუთარი ქვეყნის საგმირო და სასირცხვილო საქმეებს. დღეს ერთ-ერთი ასეთი თარიღი გაგვითენდა და პასუხები კვლავ არ გაგვაჩნია“, – წერს ქართველიშვილი.