“ეს გამოაჩენს იმ დეპუტატებს, ვინც საკუთარი „ენჯეო“-ს დაფინანსებას” – დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

25
spot_img

საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე.

ქართველიშვილის თქმით, აღნიშნული 8-პუნქტიანი კანონპროექტი გამოაჩენს იმ დეპუტატების გვარებს, ვინც საკუთარი „ენჯეო“-ს ხაზით დაფინანსებას – ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს.

„მოსახლეობის წინაშე დაანონსებული პროცესი დაიძრა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი მომზადებულია. მომზადებულია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობის გარეშე და აუცილებლად გაივლის რეგიონულ დონეზე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით საჯარო განხილვას – რათა დაფიქსირებული იქნას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.

დღევანდელი სულ 8-პუნქტიანი კანონპროექტი – საკონსტიტუციო ფორმატისაა და მისაღებად მოითხოვს დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმებს. ამ ეტაპზე ეს ამოცანა შესაძლოა არარეალურად მოგვეჩვენოს, ოპოზიციის მოსალოდნელი დამოკიდებულების გამო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება იმ დეპუტატების გვარები, ვინც საკუთარი “ენ-ჯე-ო”-ს ხაზით დაფინანსებას – ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. ასევე, კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში იმის აუცილებლობას, რატომ არის საჭირო ჩვენი სამშობლოს ტრადიციული ფასეულობების კონსტიტუციის დონეზე დასაცავად, მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა.
აქვე დავამატებ – ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ აპრიორი “განუხორციელებელი მისიის” დღევანდელი “პრეზენტაციით”, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ თავის დაპირებულ სიტყვაზე უარს იძახის. საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე. რაც შეეხება ამ კანონპროექტში მოყვანილ ცალკეულ ინიციატივებს, მათი გაშლა მოხდება ათეულობით ე.წ. „ჩვეულებრივი“კანონებში, რომელთა დაკორექტირებას დღეს წარმოდგენილი მუხლების მიხედვით 76 ხმა ესაჭიროება, რომლის პრობლემა ხელისუფლებას, “ხალხის ძალას” და ჯანსაღ საპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზეც კი არ გააჩნია. ასე რომ, პროცესი დაიძრა. სამუშაო, თავის საბოლოო ხორცშესხმის მიზნით, მხოლოდ საწყის სტადიაზეა. ახლა აუცილებელი იქნება ამ საკონსტიტუციო და ჩვეულებრივი საკანონმდებლო ინიციატივებს მიეცეს ფართო საზოგადოებრივი დაკვეთისა და მხარდაჭერის სახე – რაც არა მგონია, ასევე რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – წერს ქართველიშვილი.