ეს არის ჩვეულებრივი აბსურდის თეატრი და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული – კახა კალაძე ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე

7
spot_img

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვეულებრივი სისულელეა. ჯერ ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს. მას კონსტიტუციური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური პარტიებისთვის?“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“.

„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი კონსტიტუციას არღვევს. პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე იდგება. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. რა თმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა; სახელმწიფოს, კონსტიტუციის და კანონების შეურაცხყოფა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება“,- განაცხადა კალაძემ.