“ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე?” – რას წერს გაზეთი „საბაჰი“

26
spot_img

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე? დასავლეთს მშვიდობა კი არა, რუსეთთან ომი სურს“ (ავტორი – ბურხანეთინ დურანი), რომელშიც ევროპაში ომისა და უსაფრთხოების პრობლემებს ეხება, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ანტირუსული განცხადებების საფუძველზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„ერთი ნაბიჯი სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომამდე“ – ასეთი გამოთქმა გამოიყენა ვლადიმერ პუტინმა თავის პირველ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა – „იქნება თუ არა კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორისო“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, „თუმცა საეჭვოა ვინმე იყოს დაინტერესებული ბირთვული კონფრონტაციის გაჩაღებაში“. უფრო ადრე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის ბირთვული ომისათვის“.
უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთის მეთაური პერიოდულად აფრთხილებს დასავლეთს, რომ სიტუაცია ბირთვულ ესკალაციამდე არ მიიყვანოს. მან შემთხვევით არ უთქვამს ფრაზა – „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე“.

საფრანგეთის პრეზიდენტი 26 თებერვალს დაიქადნა, რომ „არ არის გამორიცხული უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალები გავგზავნოთო“. მიუხედავად იმისა, რომ ნატომ, აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ მხარი არ დაუჭირეს ამ იდეას, ფრანგი პრეზიდენტი მაინც აგრძელებს თავის გამოსვლებს რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მისი ბოლო თეზისები ასეთია: „თუ რუსეთის არმია კიევის ან ოდესის მიმართულებით დაიძვრება, საფრანგეთის არმიას პირდაპირი ჩარევა მოუწევს“, „რუსეთი ჩვენი მოწინააღმდეგეა“, „სანამ ყირიმი ისევ უკრაინას არ დაუბრუნდება, მანამ მყარი მშვიდობა შეუძლებელია“. ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინათ, როცა ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა, პარიზში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ასე განაცხადა: „შესაძლებელია, განსაზღვრულ მომენტში ჩვენ სახმელეთო ოპერაციის განხორციელება დაგვჭირდეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ. მე ეს არ მსურს და ამას არ მივესალმები, მაგრამ თუ იძულებული გავხდებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. სწორედ ამით გამოიხატება საფრანგეთის ძალა“. შემდეგ მან დაამატა: „ჩვენ საკუთარი თავი არ უნდა დავაშინოთ. რუსეთი ძლიერი სახელმწიფო არ არის, ის საშუალო ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს“.
ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხლა-შემოხლა აჩვენებს, რომ უკრაინის ომმა კარდინალურად შეცვალა წარმოდგენები ევროპის უსაფრთხოებაზე. უკრაინის კრიზისის შედეგად უსაფრთხოების კონცეფციამ, რომელიც ორიენტირებული იყო მშვიდობის შენარჩუნებაზე და ეკონომიკურ მიდგომებზე (რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე), არ გაამართლა. ახლა ევროპამ თავისი უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის რესტრუქტურიზება უნდა მოახდინოს.

მართალია, ვლადიმერ პუტინი პირიქით ამტკიცებს, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში დომინირებს თვალსაზრისი, რომლის თანახმად, რუსეთი არ გაჩერდება და უკრაინაზე და სხვა ქვეყნებსაც დაემუქრებაო. ამ მიზეზით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უპირველესად კი გერმანია, აუცილებლად თვლის თავდაცვისათვის ხარჯების გადიდებას.
ამასობაში კი იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი კვლავ იქნება არჩეული აშშ-ის პრეზიდენტად 2024 წლის ნოემბერში – ევროპისათვის კოშმარულ სცენარს წარმოადგენს. ყოფილი პრეზიდენტი თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს თვლიდა, რომ ნატო მოძველდა. იგი თავს ვერ იკავებს მუქარებისაგან დღევანდელ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ამერიკელ ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ თუ ნატოს წევრები სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ით არ გაზრდიან, იგი რუსეთს წააქეზებს, რომ ასეთ ურჩ და ჯიუტ ნატოს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას. შესაბამისად, ემანუელ მაკრონის განცხადების უკან დგას ის განზრახვა, რომ მან თავისი ქვეყანა ევროპის დაცვის ავანგარდში ჩააყენოს და მოკავშირეების ნდობა განიმტკიცოს. ბუნებრივია, მან რუსეთს საფრანგეთის ბირთვული იარაღიც შეახსენა. ფრანგი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი არ უნდა მოიგოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის ავტორიტეტი ნულამდე დაეცემა.

და მაინც, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რუსეთი შორს დგას „სტრატეგიული დამარცხებისგან“, რაც დასავლეთს ასე სწყურია. რუსეთის ეკონომიკა ფეხზე დგას და არ დაცემულა, ხოლო თუ ნატო უკრაინას ახალ და უფრო ძლიერ იარაღს გადასცემს, ან თავის ჯარს გაგზავნის საომრად, მაშინ რუსეთისა და ნატოს შეტაკების ალბათობა, ანუ „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე“, მართლაც გაიზრდება.
ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის პოლემიკაში ასევე ნახსენებია მშვიდობის დამყარების ვარაუდი. მაკრონი ამტკიცებს, რომ შესთავაზებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. თავის მხრივ პუტინი, რომელიც ადრეც ლაპარაკობდა მშვიდობის დამყარებაზე, მაკრონის სცენარს სკეპტიკურად უყურებს და ხაზს უსვამს, რომ იგი ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა, რომლის დროსაც საომარი მოქმედებების პაუზა უკრაინის გადაიარაღებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.

სანამ ორ ლიდერს შორის დავა-კამათი გრძელდება, მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთება, გამოწვეული ბირთვულ ომზე ხშირი საუბრებით, შენარჩუნდება. საფრანგეთს თავისი რევანშისტული ინტერესები აქვს: პარიზი, რომელსაც აფრიკის ბევრი ქვეყნიდან გასვლა მოუწია რუსული გავლენის გაძლიერების გამო, ცდილობს, რომ ევროპა აიყოლიოს და ერთიანი ანტირუსული პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებამდე მიიყვანოს, მაგრამ ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. რუსეთთან ომის ალბათობა ევროპის სახელმწიფოებს აშინებთ. აქედან გამომდინარე, სანამ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ იქნება, მანამ უკრაინაში ზავი ნაკლებად სავარაუდოა.

წყარო