“ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან”-სალომე ზურაბიშვილი

25
spot_img

ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო – რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.

„არ მგონია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა გამოცემასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, რას მოელის ამ მომენტში ევროპელებისა და ევროკავშირისგან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „გაფართოება, გაფართოება და გაფართოება!“

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს.

„ისევე როგორც ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც არის შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ იცოდნენ, რომ ამაზე [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] ქართველი ხალხის სრული კონსენსუსი არსებობს და ასეა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან,. ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და ეს არასოდეს შეცვლილა. არც მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებული და დაპყრობილი იყო და არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.