“ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა და პირველმა ახსენა რუსული კანონპროექტი, სამწუხაროდ, ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას”

21
spot_img

საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განცხადებებმა, რომელიც გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა, ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას.

„ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა, პირველმა მან ახსენა „რუსული“ ამ კანონთან დაკავშირებით, რაც იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა და ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას. ავიღოთ ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარიმების დაფარვას, „დემოკრატიის ინიციატივა“ იყო, მგონი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვებგვერდზე USAID-ის ლოგო იყო და მან მოახსნევინა ლოგო. შემდეგ გააჩინეს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ლოგო. აღმოჩნდა, რომ თურმე იქიდან ფინანსდებოდა. მანამდე მალავდნენ. საქმე რომ გასკდა, რომ ჯარიმები ფინანსდებოდა, შემდეგ მოუწიათ აღიარება, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ იყო შემოსული. ეს ფონდები რასაც აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ ვართ. საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.