ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა

41
spot_img

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში “მუზა”, საქართველოს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მი,” ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა შვილებისთვის, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტს, პატარებთან ერთად, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი,” მრავალი წელია, ეროვნული სასახლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ელენე ცარციძე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად ასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ანსამბლის მენეჯერი, ქალბატონი ვენერა მალიძე გახლდათ; ანსამბლმა, არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა: “კლასიკური მუსიკა ყველასათვის,” “სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს” და პროექტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის- “თანადგომა”.

მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რომელთაც არა ერთი ადამიანის, მათ შორის ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ანსამბლმა ახალი პროექტი “მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს”დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი, ანსამბლმა და მისმა მესვეურებმა, სწორედ, ომის ვეტერანთა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებისთვის გამართეს. პატარა ვირტუოზებმა, კლასიკური მუსიკის ჰანგებით გამოუცხადეს თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა და ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა შვილებს; მადლიერება გამოხატეს იმ ღვაწლისთვის, რაც მათმა მშობლებმა სამშობლოსთვის გაიღეს.

პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია ”ბარამბომ”, რომელმაც კონცერტზე დამსწრე ბავშვებს, საჩუქრად, ტკბილეულის კალათები გადასცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს საქართველოს ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას, მევიოლინეთა ანსამბლ “სი-მს,” მის მესვეურებს, კომპანია ”ბარამბოს”, სამსახურის ბენეფიციართა მიმართ გამოხატული თანადგომისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს.