ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

16
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის თვის შედეგებია წარმოდგენილი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია.

კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოს და 4%-6%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.

„ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით დაკლებულია. კერძოდ, იანვართან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებსა და 6%- 8%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 – წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-2%-ის ზრდის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით შემცირებულია”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.