ენგურ-ჰესი დაჯდა 40 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებლობიდან 33 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს 30 მილიარდი ბიუჯეტი-ნუკრი შოშიაშვილი

150
spot_img

ენგურ-ჰესი დაჯდა 40 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებლობიდან 33 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს 30 მილიარდი ბიუჯეტი. სხვა ჰესებიც ავიღოთ, ავიღოთ მეტრო, ავიღოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ავიღოთ ინდუსტრიული კომპლექსები, ყველა ეს რომ ავიღოთ ტრილიონ დოლარზე მეტი გამოვა, რაც საბჭოთა კავშირის დროს დაიხარჯა საქართველოზე. ამას დამატებული საოცრად გაზრდილი საუნივერსიტეტო, სამეცნიერო-კვლევითი, კინოს, კულტურული სახლების, თეატრის და ა.შ ხარჯები, ესეც საოცრად დიდ რაოდენობას აღწევს.

ტრილიონზე მეტი დოლარი როდესაც იხარჯება ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რა თქმა უნდა იმ წარმატებებს მიაღწევს, რაც მიაღწია. რა თქმა უნდა დინამო გახდება თასების თასის ჩემპიონო, რა თქმა უნდა ქართული თეატრს აღიარებენ ინგლისში, რა თქმა უნდა ჩვენ სამეცნიერო ინსტიტუტებს ექნებათ მაღალი პრესტიჟულობა, რა თქმა უნდა ქართული კინო იქნება მსოფლიოში განთქმული.

ის არაადეკვატურად დიდი ხარჯები, რაც საქართველოს ჰქონდა, ანუ ჩვეულებრივი ქართველი 4ჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა, სუბსიდიაზე ვიყავით, ეს რესურსი ქმნის იმ წარმატებებს, რისი გამეორებაც დღეს გვინდა.

რაც არ უნდა ანტისაბჭოთად იყო განწყობილი, მათემატიკა თავისას მაინც იტყვის.

ახლა რაშია საქმე, ჩემი პრინციპი არის შემდეგი, 1) ქვეყანას ჭირდება იმაზე გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე ეს მას აქვს. მეორე ამ რესურსის ჩადება სწორ სფეროებში, ანუ მაღალგანვითარებულ კულტურას რაც ჭირდება: განათლებაში, კულტურაში, სპორტში და ტექნოლოგიებში.

საიდან უნდა მივიღოთ ეს რესურსი? ზოგიერთი ამბობს ევროკავშირის წევრობიდან. პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი არ მიუღია ბულგარეთს, რუმინეთს და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (პოლონეთი გამონაკლისია). მეტიც მათ მთელი რიგი სტრატეგიული დარგები დაკარგეს. კი რაღაც სოციალური სტაბილური მინიმუმები მიიღეს, რაც ახლა შეიძლება ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ხიბლავდეს, მაგრამ ეს არ არის განვითარება.

განვითარებას მე ვხედავ აზიის, აფრიკის კონტინენტთან ვაჭრობაში, სადაც ჩვენი ტექნოლოგიური ჩამორჩენა ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება და მეორე მხრივ ფულის მომტანი იქნება. ამის გარდა აზიური ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რეალურს გახდის სხვა დარგების განვითარებას. ფული უფრო მეტი შემოვა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ვაჭრობა იმდენად ინტენსიური უნდა იყოს, რომ ყველა კონფლიქტით, ყველა სავაჭრო შეთანხმებით, ყველა გეოეკონომიკური პროექტით ჩვენ უნდა ვსარგებლობდეთ. ეს უნდა იყოს შემდგომი 50 წლის ჩვენი პოლიტიკა.

მეორე მხრივ ის ნეოლიბერალური წესრიგი რაც ჩვენთანაა, კონკრეტულად საბანკო სისტემების პარაზიტული ხასიათი, ქართული ბიზნესის პარაზიტიზმი და ა.შ უნდა იყოს დაბალანსებული სახელმწიფო პოლიტიკით. იდეალურ შემთხვევაში ის ნაგავი ოპოზიცია რაც გვყავს, მთლიანად უნდა ჩაირეცხოს, იმიტომ რომ ეს არ არის განვითარების ძალები, რეგრესულია და ახალი არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მის ადგილი უნდა დაიკავონ ოდნავ მემარცხენე ძალებმა, რომლებიც იზრუნებენ შემოსული თანხების სამართლიან გადანაწილებაზე და კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციებზე.

ამის გარდა უნდა არსებობდეს საერთო პოლიტიკური შეთანხმება, როგორც მემარცხენეებისთვის, ისე მემარჯვენეებისთვის, რომ ქართული წარმოება, მისი პროტექციონიზმი არ ექვემდებარება იდეოლოგიურ დისკუსიას. წარმოება და ტექნოლოგიები, არის ის რაც ქართველ ადამიანს მიაბამს ქართულ ეკონომიკას და მიგრაციული ტალღები შეჩერდება.

ასევე აღზრდის სისტემაში უნდა ფუნდამენტურად შეიცვალოს მთელი რიგი მიმართულება. ჩვენთან ახლა ვზრდით მომხმარებელს, რომლის ლოგიკაა “სადაც კარგად ვარ, იქ უნდა ვიყო”, ამის ნაცვლად უნდა იყოს პრინციპი “სადაც საქართველოა იქ ვარ კარგად” – ოღონდ ეს არ უნდა იყოს ლოზუნგი, ის ბიზნესმენი იქნება თუ სხვა ვინმე, რომელიც უცხოეთში ყიდულობს ვილებს და ა.შ გაკიცხვის ობიექტი, არაპრესტიჟული უნდა იყოს. აქ უნდა შექმნან, აქ უნდა ჩაიდოს ფული, აქ უნდა ასწავლონ შვილებს, აქ უნდა ატრიალონ კაპიტალი. სახელმწიფომ ეს მოქმედებები სხვადასხვა სახით უნდა წაახალისოს, ვინც ამას აკეთებს, იმას მეტ პრივილეგიას აძლევს, ვინც გოიმობით გარბის სხვაგან, ის არ იღებს ფავორიტიზმს.

ამ სქემაში, როდესაც თანხების რაოდენობა გაიზრდება საზოგადოებაში, გაიზრდება საზოგადოების ხარისხიც, გაიზრდება პროდუქტის ხარისხი, რომელსაც საზოგადოება წარმოებს, იქნება ეს კულტურაში, იქნება ეს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და ა.შ.

ვიცი რაღაც იდეალური ვერსია დავხატე, მაგრამ მისი რაღაც ნაწილის რეალიზება შეგვიძლია.

სოციალური ქსელი – ნუკრი შოშიაშვილი©️