“ედისონ რისერჩის” კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო – დიმიტრი ხუნდაძე

39
spot_img

ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე წერს, რითაც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, კვლევა არა რეალურ ვითარებას ასახავს, არამედ მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.

„ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო. ეს კვლევები არა 26, არამედ 27 ოქტომბერზეა გათვლილი. საზოგადოებრივი აზრი, რომ ომის, სანქციებისა და ჩარტერებით უკრაინაში მეომრების გაგზავნის საწინააღმდეგოდ მყარად ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ უარყო ოპოზიციამ, რომ სულ მცირე ხნის წინ ჯიუტად უჭერდა მხარს ომსაც და სანქციებსაც. უფრო მეტიც, საქართველოდან უკრაინაში იარაღიც უნდა გაგვეგზავნა და აფხაზეთსაც დავსხმოდით თავს. ამიტომ, ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს, „ერთიანობა“: „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელს“ – 17.3%, „ძლიერი საქართველო“: „ლელო“/„ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანს“ – 12.8%.

კვლევის თანახმად, პარტიას „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ „ახალი“/„გირჩი“/„დროა“ – 9.9%; ამავე კვლევის მიხედვით, „გირჩი“ – იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, „ლეიბორისტულ პარტიას“ 3.3%, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ ინფოს“ 2.6%, „მოქალაქეებს“ კი – 2.2%; 1.9% აქვს „ევროპულ საქართველოს“, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლის და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/–2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.