“ძლიერი ნატო რუსეთის შესაკავებლად: ალიანსს 75 წელი ისე უსრულდება, რომ კრემლი თავის მოკავშირედ ვერ გადააქცია”- უცხოური პრესა

84
spot_img

ესპანეთის გაზეთ „ლა ვანგუარდიაში“ (La Vanguardia) რუბრიკით „ევროპის პერსპექტივა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ძლიერი ნატო რუსეთის შესაკავებლად: ალიანსს 75 წელი ისე უსრულდება, რომ კრემლი თავის მოკავშირედ ვერ გადააქცია“.

(ავტორი – ქსავიერ მასდე-საქსასი), რომელშიც გაანალიზებულია ნატო-რუსეთის ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: როგორი იყო ბორის ელცინის მმართველობის დროს და როგორი გახდა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ცივი ომის დასრულების გამო დაწყებული იდენტურობის კრიზისის შემდეგ ნატო თავის საწყის წერტილს დაუბრუნდა: რუსეთი არამარტო მის მთავარ მტრად განიხილება, არამედ მისი არსებობის მიზეზსაც წარმოადგენს.

მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვაშინგტონში საიუბილეო უმაღლესი დონის სამიტზე შეიკრიბებიან და ნატოს შექმნიდან 75 წლისთავს იზეიმებენ, რომელზეც ხაზი გაესმება სამხედრო ბლოკის ძლიერებას. მართლაცდა, ნატოში უფრო მეტი წევრია, ვიდრე ოდესმე – 32, ხოლო თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უკვე ალიანსის წევრების უმრავლესობა ხარჯავს.

თუმცა ევროპას ზეიმის დრო არ აქვს. ნატოს ევროპელი წევრები ომის დაფდაფებს სცემენ და სამხედრო ბიუჯეტებს ზრდიან. ისინი აცნობიერებენ, რომ ორი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან, რომელთა თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, მათ არ შეუძლიათ. ეს საფრთხეებია: ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული ამბიციები და ევროპის დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ევროპას ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ამას ოდესმე. უფრო მეტიც – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა შეიძლება შიგნიდან „აფეთქდეს“ რამდენიმე თვის შემდეგ, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტების სამხედრო ბლოკი – ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, მაშინაც კი არ იყო ასეთი გაურკვეველი პერსპექტივა, როგორიც დღეს არის. ცივი ომის დასრულებით თანამშრომლობისა და პროგრესის ახალი ეტაპი დაიწყო. აშშ დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი ბორის ელცინი რუსეთს პროდასავლურ და ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად გადააქცევდა.
ევროპის უსაფრთხოება გარანტირებულად მოჩანდა.
ბორის ელცინმა თხოვნით მიმართა თავის ამერიკელ კოლეგას ბილ კლინტონს, რომ ნატო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა და რიგი ექს-სოციალისტური ქვეყნების ხარჯზე არ გაფართოებულიყო. ბილ კლინტონი დათანხმდა: მას სურდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აშშ-სათვის პრიორიტეტული ყოფილიყო.
მაგრამ ორმა ლიდერმა, რომლებსაც დიდი მორალურ-პოლიტიკური წონა ჰქონდათ – პოლონელმა ლეხ ვალენსამ და ჩეხმა ვაცლავ ჰაველმა – ბილ კლინტონს მიანიშნეს: მათ იმიტომ კი არ გაიმარჯვეს კომუნიზმზე, რომ „ნაცრისფერ ზონაში“ ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენილიყვნენ. ისინი შიშობდნენ, რომ რუსეთი, თუნდაც არასაბჭოური, ისევ „იმპერიული“ სახელმწიფო იქნებოდა, ანუ იმის მსგავსი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მოგვიანებით შექმნის.

გარდა ამისა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში გაჩნდა იდეა, რომ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა უღლისაგან გათავისუფლდნენ და დემოკრატიულები გახდნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით, უფლება აქვთ თვითონვე განსაზღვრონ თავიანთი მომავალი – მიღებული იქნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრებად, თუ ისინი ამას მოისურვებენ. თუ ვაშინგტონი მათ სურვილს წინ აღუდგებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ საფუძველი ჩაეყრებოდა ევროპულ განხეთქილებას.
ამას ისიც დაემატა, რომ დემოკრატი ბილ კლინტონი, რომელსაც მეორე ვადით სურდა აშშ-ის პრეზიდენტად დარჩენილიყო, იძულებული გახდა ანგარიში გაეწია რესპუბლიკელების პოზიციისათვის, რომლებიც ნატოს გაფართოების მტკიცე მომხრეები იყვნენ. მოკლედ, ბილ კლინტონმა პოზიცია შეიცვალა და ნატოს გაფართოების კურსის მომხრე გახდა. იგი 1996 წელს მეორე ვადით აირჩიეს, 1997 წელს კი ნატომ, აშშ-ის ნებით, ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა; ერთი მხრივ, წევრებად მიიწვია პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ. შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო („ალიანსი ალიანსის შიგნით“).

რუს გენერლებს საშუალება მიეცათ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ყოფილიყვნენ და ყველა სამიტს დასწრებოდნენ. მოკლედ, მაქსიმალური გამჭვირვალობა მაქსიმალური ურთიერთნდობისათვის.

პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები 1999 წელს გახდნენ, შემდეგ კი, 2004 წელს, ნატომ კარი გაუღო ბულგარეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს და სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას – ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას (ლიეტუვას). იმ დროიდან, ანუ 25 წლის წინ მომხდარი მოვლენის შემდეგ, ჩამოთვლილი ქვეყნების 100-მილიონიანი მოსახლეობა ტკბებოდა ცხოვრების დონის ზრდით და სტაბილურობით, რომელიც წარმოუდგენელი იყო ბერლინის კედლის დანგრევამდე და საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა, რომლებიც კმაყოფილნი იყვნენ რუსეთთან ურთიერთობით, შეამცირეს თავდაცვის ხარჯები, რის შედეგადაც მკვეთრად იმატა საყოველთაო კეთილდღეობის დონემ. რუსეთთან „მშვიდობიანი დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დივიდენდი“ ევროპისათვის ნაყოფიერი გამოდგა.

ბორის ელცინმა მიიღო ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის პოსტი 2000 წელს დაიკავა, თავდაპირველად უმეტესად შიდა რუსული პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული (ძველი ოლიგარქების ახლით ჩანაცვლება, რეგიონული პოლიტიკა და ა.შ.), თუმცა საერთაშორისო სამიტებზეც ინიციატივას იჩენდა ხოლმე. შემდეგ კი თანდათან უკმაყოფილების გამოხატვაც დაიწყო – სერბეთზე დასავლეთის ზეწოლისა და კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით. როგორც იტყვიან, რუსეთის პრეზიდენტს „თვალი აეხილა“. მართალია, იგი ფორმალურად არ გამოსულა ნატოს 2004 წლის გაფართოების წინააღმდეგ, მაგრამ მომდევნო წელს ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნია. 2007 წელს კი რუსეთის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს 30 წუთის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ მსოფლიო წესრიგს და მკაფიოდ მიანიშნა, რომ კრემლი დაინტერესებული არაა ისეთი „თავისუფალი მსოფლიოს“ არსებობით, რომელსაც ერთი სახელმწიფო აკონტროლებს. მან ერაყის ომის (2003 წ.) მაგალითი მოიყვანა, როგორც იმის დადასტურება, რომ აშშ არ იცავდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაფერი ერთი სახელმწიფოს სურვილითა და ინტერესებით არ უნდა ხდებოდეს.

იმავე 2007 წელს რუსეთი გავიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებიდან, ხოლო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს რეგიონების – „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა [ნატოში საქართველოს სწრაფვის ხელის შეშლის მიზნით].
პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2009 წელს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას შეეცადა, მაგრამ იმ დროისათვის ვლადიმერ პუტინს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთის გავლენა აღედგინა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, ანუ ფაქტობრივად კონტროლი დაემყარებინა უკრაინაზე, ბალტიისპირა რესპუბლიკებზე და მოლდოვაზე. 2014 წელს უკრაინის შემადგენლობაში არსებული ყირიმისა და დონბასის ოკუპაციამ მოსკოვის მიერ საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს.
უკრაინა უკვე მრავალი წელია ითხოვს ვაშინგტონს და ბრიუსელს, რომ მასაც მიეცეს საკუთარი ბედის არჩევის ისეთივე უფლება, როგორიც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მიეცათ 1999 და 2004 წლებში. მართალია, 2007 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატო გარკვეულწილად დაეთანხმა უკრაინის თხოვნას და დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ უკრაინა [და საქართველო] ოდესმე ალიანსის წევრი გახდებაო, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ნატოს წევრების „დამაიმედებელი“ რიტორიკა ისმის, რითაც მათივე მოყოყმანე და არამდგრადი პოზიცია არის შენიღბული.

ვაშინგტონის ივლისის სამიტზე ალიანსი დაუბრუნდება უკრაინის საკითხის განხილვას, შესთავაზოს თუ არა კიევს ოფიციალური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებისათვის. შეთავაზებას მხარს უჭერენ საფრანგეთი, პოლონეთი და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები. წინააღმდეგნი გამოდიან აშშ და გერმანია, რომლებიც ფრთხილობენ და არ სურთ რუსეთთან ნატოს პირდაპირი შეტაკება მოხდეს.
დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ამჟამად ევროპაში ომის გაფართოების რისკი ისეთი მაღალია, როგორც არასდროს 1945 წლიდან. ეს მოწმობს იმას, რომ დღეს ნატო იგივე საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც თავის დროზე ალიანსი შეიქმნა. აშკარაა, რომ პროგრესი და სტაბილურობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რათა ევროპას თავიდან აეცილებინა ახალი შეტაკება ძველ დემონთან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: