ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი -სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი

93
spot_img

გადამწყვეტი მომენტია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, სლოვენია არის მოწინავე, როდესაც საქმე ეხება გაფართოებას ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.

სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გაფართოების პროცესი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მომენტი, როდესაც უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად და ვიფიქროთ უფრო ფართოდ, თუ როგორ გავხადოთ გაფართოება შესაძლებელი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც განიხილავენ გაფართოებას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი და ის 2030 წელს განვახორციელოთ. ის, რისი ნახვაც მსურს არის, რომ დღეს ჩვენ ნამდვილად ბევრი ვიმუშაოთ იმის განხილვაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ევროკავშირი, რომ ის მზად იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის. 2030 წელი არის კარგი ვადა მოსამზადებლად ჩვენი მხრიდან და ასევე იმისთვის, რომ ვუბიძგოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, იყვნენ მზად. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რომელიც დამსახურებებზეა დაფუძნებული, თუმცა ამავე დროს ეს არის პოლიტიკური მომენტი, რომ ევროპა საერთაშორისო არენაზე ძლიერ, ერთიან და სანდო მოთამაშედ ვაქციოთ“, – განაცხადა ფაიონმა გერმანიაში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე.

ტანია ფაიონის თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მე ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი, შეასრულოს აუცილებელი რეფორმები, მათ შორის საჯარო ადმინისტრირებასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილოს აუცილებელი კრიტერიუმები. ასე რომ, ვისურვებ, ვიხილო, რომ იმ ქვეყნებმა, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა, წინ წაიწიონ ამ გზაზე რაც შეიძლება მალე. გლობალურად მიმდინარე მოვლენების, შეიარაღებული კონფლიქტების, ძალიან სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს გათვალისწინებით, ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი ევროპა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რათა ვიფიქროთ ამ პოლიტიკურ შესაძლებლობაზე და ვისურვებდი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდვასთან უფრო მჭიდრო მუშაობას სლოვენიის გამოცდილებით, რათა შევთავაზოთ მათ ტექნიკური გამოცდილება, სიახლეები, როგორ განახორციელონ აუცილებელი რეფორმები“, – განაცხადა ფაიონმა.