ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ, ისინიც უერთდებიან ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია – მეუფე გიორგი

13
spot_img

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მეუფე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებასაც.

„ეს იყო ირიბიც და პირდაპირ შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, იმ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელზედაც დგას თუნდაც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ახალგაზრდობისა და ეკლესიის ერთმანეთისგან გამიჯვნა ესეც, ვფიქრობ, მიზანმიმართული პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა.

ჩემი მოწოდება იქნება, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყოველივე ბჭობით უნდა გადაწყდესო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციაზე, ეს ჩვენთვის ისედაც თვისობრივია. ორგანულია, რადგან ვიცით, რომ ევროპული ცივილიზაცია და კულტურა ქრისტიანული კულტურიდან არის ამოსული, რასაც ბევრი ქვეყანა დაშორდა. ვიცით, აგერ საბერძნეთს, რომელსაც სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა გააჩნია, თავს მოახვიეს და დაუკანონეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მე გავიხსენებდი წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სიტყვებს, რომ თუ მსოფლიო მიდის ღმერთის წინააღმდეგ, მე მივდივარ მსოფლიოს წინააღმდეგ და საქართველო ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებისა და პოლიტიკოსების მიერ რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მხარეებს შორის დიალოგის გამართვას არ ემსახურება.

„ეს ემსახურება ძალიან დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას და სამოქალაქო დაპირისპირებებმა ამ ქვეყანაში რა მოგვიტანა, უახლოესმა ისტორიამ ალბათ, კარგად გვანახა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია“, – აღნიშნა მეუფე გიორგიმ.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება – ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.