ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს – ირაკლი შოთაძე მის გადადგომაზე ოპოზიციის რეაქციაზე

16
spot_img

ირაკლი შოთაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს, მისი გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ამ თემაზე ის „ქრონიკას“ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები არ უკვირს.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი. უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, ასეთ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანამდებობისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, – განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.