ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვია ეუთო/ოდირ-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ევროკავშირი ძალიან აქტიურად დააკვირდება პროცესს.
„მე დავესწარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა, ძალიან არსებითი დისკუსიები, ღია და გულწრფელი. იყო ოჯახური ატმოსფერო. მოხარული ვარ, რომ პირველად, საქართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ ევროკავშირის სათავო ოფისებს. ჯოზეფ ბორელმა ხმამაღლა და ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული, რომ იმუშაონ ამ კარში შესასვლელად. ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით პროცესს.
ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოეწვია ეუთო/ოდირ-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა საქართველოს დემოკრატია სულ უფრო გაძლიერდეს, საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად.
რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ოჯახის წევრი და ამიტომ გვსურს, საქართველომ იმოქმედოს, როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელთა უმრავლესობა გარედან მოდის, ჩვენ, ყველამ ვიცით, საიდანაც. ვიმედოვნებთ, ყველა ერთად მოვყვებით ნამდვილ ამბავს, რომ ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელსაც საქართველოში დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც, იმედი მაქვს, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მომავალ თაობებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.