“ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად” – შალვა პაპუაშვილი

17
spot_img

ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას კანონპროექტის მოწინააღმდეგე ადამიანებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე.

მისი თქმით, პირდაპირ ძალადობის ტალღა იყო პოლიტიკოსების, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ, რაზეც მას არავის აღშფოთება არ უნახავს და ეს მაშინ, როდესაც „პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა NGO-მ, საელჩოები რომ აფინანსებენ“.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი პარტიული დანაყოფი შესაბამისად, იმუშავებს იმისთვის, რომ ყველა მოძალადე ამხილონ.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, როდესაც მამუკა მდინარაძეს ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა, პარლამენტის გარეთ მყოფ ელისაშვილს „ჟურნალისტები ეხვეოდნენ და მადლობას უხდიდნენ“.

„ძალადობა, რომელიც არათუ ფარულად, გაუგებრად, ვიცით, არ ვიცით, ვინ იყო, არამედ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის წევრზე და ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. როდესაც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი ჩავატარე, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან გაიხსენა შარშანდელი პროტესტი, რომელიც იგივე კანონპროექტთან დაკავშირებით იყო ქვეყანაში.

„შარშანაც იგივეს ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე და წელსაც ამას ამბობენ, ჰქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“ იმიტომ, რომ მიზანი ჰქონდათ დიადი. ეს არის ის ბოლშევიკური აზროვნება, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას.

ძალადობის სპირალში შესვლა, რაც მოხდა, მათ შორის დაიწყო იმით, რომ პარლამენტის შენობაზე მოხდა თავდასხმა. მეორე დღეს ვთქვი კიდევაც, ცოტა ხანი ველოდე – სამწუხაროდ, ვერცერთი საელჩოს, უცხოური აქტორის განცხადება ვერ ვნახე, ვინც დაგმობდა იმ ძალადობას, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის სახით და პოლიციელების დაზიანების სახით, რაც იყო ძალადობრივი აქცია. პირიქით, ეს შეირაცხა, როგორც მშვიდობიანი აქცია ისევე, როგორც ეს მოხდა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით, შარშან, მარტის აქციების დროს, როდესაც ძალადობა ყოველ ჯერზე ფორმდება, როგორც მშვიდობიანი აქცია. საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს ახალისებთ მოძალადეებს, ხედავენ, რომ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ – შეიწყალა პრეზიდენტმა. თქვეს, რომ მშვიდობიანია, გმირად გამოაცხადეს ის, ვინც პოლიციელს წვავდა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი და პირველი, რასაც ხელისუფლება აკეთებს სიტყვიერად გმობს და რა თქმა უნდა, შსს-ს სათანადო რეაგირება აქვს.

მნიშვნელოვანია, ვინც ამ სიძულვილს წვეთ-წვეთ აღვივებს და ჩუმად ხართ, აქ ვგულისხმობ, როგორც უცხოელ აქტორებს განსაკუთრებით, რომლებიც პარლამენტში ძალადობრივ თავდასხმას შემდეგ ნათლავენ, როგორც მშვიდობიან აქციას უკვირთ, რომ შემდეგ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავებები ხდება“-განაცხადა პაპუაშვილმა.