ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს

33
spot_img

მარნეულში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცხოველის წამებას და არაფერი მოიმოქმედეს უმწეო ძაღლის გადასარჩენად, ჯერჯერობით, მოწმის სტატუსით იკითხებიან.

მუხლი, რომლითაც 50 წლის მამაკაცი გასამართლდება, სხვადასხვა ზომის სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საღამოს დაიწყო. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არიფ გოიშოვი საზოგადოებისთვის საშიშია და მისი პატიმრობა მოითხოვა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. თვითონ დაკავებული ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,” – აცხადებს ადვოკატი.