დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის არასაკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით გირაოს შეფარდებას ითხოვდა,რაზეც უარი ეთქვა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა,ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.
დაკავებულ მამაკაცს ბრალდება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 128-ე მუხლით აქვს წარდგენილი,რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაცდელში მიტოვებას.
გამოძიებით დადგინდა,რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.