“დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება – აუცილებელია კურსის შეცვლა-The Economist

541
spot_img

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist), ლიდერი მასალის სახით, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება. აუცილებელია კურსის შეცვლა“.
ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები გრძელვადიან პერსპექტივაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომს არაერთხელ გაუცრუებია მოლოდინი კიევის მომხრეებისათვის და ახლაც იგივე მეორდება: სამი თვის წინ დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ იყო იმედი, რომ თანამედროვე დასავლური იარაღით აღჭურვილი და დასავლურ ბაზებზე გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტი რუსებისაგან სულ მთლიანად თუ არა, იმდენ ტერიტორიას მაინც დაიბრუნებდნენ, რომ ქვეყნის ლიდერებს, ნებისმიერი საზღვარგარეთული ვიზიტისა თუ მოლაპარაკების დროს, პოზიციებს გაუმაგრებდნენ.

მაგრამ ამ ჩანაფიქრმა არ იმუშავა: უკრაინის არმიამ სოფელ რობოტინოსთან ბრძოლის დროს (რომელსაც „გარღვევას“ უწოდებენ), რუსებისაგან დაკავებული ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ფრონტის ხაზი, რომლის სიგრძე ათას კილომეტრზე მეტია, პრაქტიკულად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, თეორიულად უკრაინის არმიას, უახლოეს კვირეებში, ჯერ კიდევ შეუძლია „გარღვევის“ განხორციელება, მაგრამ, როგორც სამთვიანი საომარი მოქმედებების „უშედეგო შედეგები“ მოწმობს, ვარაუდების იმედზე ყოფნა გულუბრყვილობა იქნებოდა. (…)

უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთთან გაჭიანურებული ომი ელოდებათ, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვისკენ იქნება მიმართული. ვაშინგტონში მყოფმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეკონომისტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „მე მზად უნდა ვიყო გრძელვადიანი ომისთვისო“, თუმცა, ამჟამად, სამწუხაროდ, ომის გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მზადყოფნა არაფერში არ ჩანს, ისინი ყველა ისევ კონტრშეტევაზე არიან კონცენტრირებულნი. არადა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ დადგა დრო იფიქრონ, როგორც უკრაინის ახალ სამხედრო სტრატეგიაზე, ისე მის ეკონომიკაზეც. „გამარჯვების“ ნაცვლად, რომელიც, რაც დრო გადის, საეჭვო ხდება, უკრაინა უნდა ისწრაფოდეს რეალური სიტუაციის ობიექტურად გააზრებისაკენ და ეკონომიკის აღდგენისაკენ – თვით საომარ მდგომარეობაშიც კი.

პირველი „რეკალიბრაცია“, რაც უნდა გაკეთდეს, უკრაინის სამხედრო სფეროს უნდა შეეხოს: უკრაინელი ჯარისკაცები, განუწყვეტელი საომარი მოქმედებების გამო, ძალზე დაიქანცნენ, ბევრმა სამხედრო ქვედანაყოფმა თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა. მობილიზაციის მიუხედავად, უკრაინის არმიას კონტრშეტევის ტემპის დასაჩქარებლად ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები მაინც არ ჰყოფნის. შესაბამისად, უკრაინამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი რესურსები და თამაშის წესები უნდა შეცვალოს. კიევმა უნდა გააფართოოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობა. ცნობილია, რომ უკრაინული სამხედრო კომპანიები უკვე დიდი რაოდენობით აწარმოებენ უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს), მაგრამ კიევს ნოკაუტში ჩამგდები დარტყმის მიყენების იმედი არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ რუსეთიც სწრაფი ტემპით აფართოებს დრონების წარმოებას. აქ მთავარი ისაა, რომ კიევს პასუხის გაცემის უნარიც აქვს და რუსული დრონების დარტყმების თავიდან არიდების უნარიც, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაუმჯობესების წყალობით. (…)
უკრაინის შეტევითი პოტენციალის გაზრდასთან ერთად აუცილებელია იარაღის გამძლეობისა და მისი შენარჩუნების საკითხის მოგვარებაც. სამხედრო ტექნიკას მაღალი დონის მომსახურება ჭირდება, რომ ტანკებმა, ჯავშანმანქანებმა და სატრანსპორტო საშუალებებმა მრავალწლიან ბრძოლას გაუძლონ. ამაში იგულისხმება მიმდინარე რემონტი, მარაგნაწილების დროული მიწოდება და რეზერვი, სამხედრო წვრთნების ჩატარება და სხვა. გაჭიანურებული ომი ითხოვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობების გაფართოებასაც. რასაკვირველია, ამას დიდი ფინანსები ჭირდება. საკვირველია, მაგრამ ასეთი სისხლისმღვრელი ომის დროს კიევი, შეიძლება ითქვას, კარგად არის დაცული, განუწყვეტელი საჰაერო შეტევების კვალობაზე. ასეთივე დაცვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა დიდი ქალაქებიც. სწორედ ამიტომ ჭირდება უკრაინას ამერიკული „ფალკონების“ (F-16-ების) ესკადრილია და დამატებითი რადარული სისტემები.

მეორე „რეკალიბრაცია“ ეკონომიკას ეხება: ეს ნიშნავს, რომ კიევმა უნდა შეამციროს ეკონომიკური აღდგენის „ნაპოლეონური გეგმები“ და მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხნების ამუშავებას – პროდუქციის მეტ გამოშვებას და კაპიტალურ დაბანდებებს. გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთი მესამედით შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტი სანახევროდ დასავლეთის ფინანსური ინექციებით ივსება. ამჟამად უკრაინის ფინანსებში „ჰოლანდიური ავადმყოფობა“ შეინიშნება – გრივნის კურსი მყარდება (ეს ხდება ეკონომიკის ცალკეული სექტორების სწრაფი განვითარებით, მაგალითად, სამხედრო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში, წამგებიანია საერთო ეკონომიკური მდგომარეობისათვის. ტერმინის ისტორია უკავშირდება 1970-იან წლებში ნიდერლანდებში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენას, რომელიც შემდეგ გამოილია). მაგრამ გრივნის გამყარებასთან ერთად, კერძო ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, შეინიშნება სამუშაო ძალის მწვავე ნაკლებობა: თითქმის მილიონ უკრაინელს ხელში იარაღი უჭირავს და ფრონტზე იბრძვის, მილიონობით მოქალაქე კი საზღვარგარეთ გაიქცა.

უკრაინის ეკონომიკა, ომის მიუხედავად, უნდა ეცადოს უცხოური პირდაპირი ფინანსური ინექციებიდან თავის დაღწევას და ინვესტიციების მიზიდვაზე უნდა გადავიდეს. კიევს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს: იარაღის წარმოებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების ჩათვლით. ამოცანა იმაშია, რომ მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ადგილობრივი და უცხოელი კომპანიები ინვესტიციების მომგებიან დარგებში ჩადებისათვის და უფრო მეტად ისარგებლონ შედარებით მშვიდი რეგიონების შესაძლებლობით, მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში [ვოლინში, იმიერკარპატეთში, ბუკოვინაში და ა.შ.]. ცხადია, ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხოების დონის გაზრდამ – ინვესტორს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი ახალი საწარმო დაბომბვებით ნანგრევებად იქცევა. აუცილებელია ეკონომიკური რეფორმების გატარება – ბიზნესის წარმოების გაუმჯობესება-გაიოლების მიზნით, კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევა და კორუფციასთან ბრძოლის გაფართოება, კანონის უზენაესობის დაცვა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში.
ამ ყველაფრის რეალიზება, რასაკვირველია, პოლიტიკურ ნების გამოჩენას ითხოვს როგორც უკრაინის ხელისუფლებისაგან, ასევე მისი დასავლელი მეგობრებისგანაც. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო გარანტიას ნატოს წევრობა წარმოადგენს და როგორც მინიმუმი – აუცილებელია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს უახლოეს ხანში – იგულისხმება არამარტო ფული, არამედ ორგანიზაციაში გაწევრიანებაც. რა თქმა უნდა, ძნელია წარმოიდგინო ქვეყნის აყვავება მუდმივი დაბომბვის პირობებში – ასეთ სიტუაციაში ისრაელიც კი არ ყოფილა. მაგრამ უკრაინა, ისრაელისაგან განსხვავებით, ადრე თუ გვიან, თავისი საკუთარი რესურსების ეფექტური გამოყენებით, შეიძლება მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში მოხვდეს. ევროკავშირის წევრის სტატუსი კიევს განვითარებისათვის ქმედით დახმარებას გაუწევს (ისევე როგორც თავის დროზე გაუწია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს).
ევროპასაც მოუწევს უკრაინის მიმართ თავისი მიდგომებისა და მეთოდების შეცვლა. მან უკვე მისცა თითქმის იმდენივე იარაღი უკრაინას, რამდენიც ამერიკამ და უფრო მეტი პირდაპირი ფინანსური დახმარება. მაგრამ მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ. თუ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან შეიძლება უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუმციროს. და მისი წაგების შემთხვევაშიც კი, საბოლოო ჯამში, ევროპას მოუწევს უკრაინის დახმარების დიდი ნაწილი თვითონ იკისროს.
უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ ევროკავშირის გვერდით არშემდგარი სახელმწიფო იქნება, მისგან გამომდინარე არასასურველი შედეგებით. უკრაინის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს ახალი წევრი ეყოლება 30-მილიონიანი კარგად განათლებული მოქალაქით, ევროპაში ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიით და მძლავრი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბაზის მქონე ქვეყნის სახით.
უკრაინაზე საუბრის დროს ხშირად ლაპარაკობენ „კონფლიქტის დასრულების“ თაობაზე. ასეთ ლაპარაკს ბოლო უნდა მოეღოს. ილოცეთ სწრაფ გამარჯვებაზე, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი ბრძოლისათვის – რათა უკრაინა, ყოველივე პრობლემის მიუხედავად, გადარჩეს და აყვავდეს.

წყარო: