“დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან”-The Sunday Telegraph

53
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან“ (ავტორი – ალისტერ ჰიტი, The Sunday Telegraph-ის რედაქტორი). მასალაში ნაჩვენებია, თუ რა პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია მსოფლიოსათვის დონალდ ტრამპის იდეების განხორციელებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი შორს არის იდეალურობისაგან, მაგრამ იგი დღეს ჩვენს ერთადერთ იმედს წარმოადგენს – ევროპის გადამრჩენს. დონალდ ტრამპი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტებში უპირველეს ადგილს იკავებს – გადაარჩინოს ევროპა ევროპელთა მიერ ჩადენილი სისულელეებისაგან.

ბედის ანაბარად მიტოვებულ დიდ ბრიტანეთს და ევროპას წინ არანაირი იმედი არ აქვთ. ჩვენი მორალური და ინტელექტუალური დაცემა იმდენად დიდია, იმდენად არიან დანგრეული ჩვენი ინსტიტუტები, იმდენად დასუსტდა ჩვენი ეკონომიკა, იმდენად მშიშარები არიან ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ისღა დაგვრჩენია, ხელები გულზე დავიკრიფოთ და სული უფალს მივაბაროთ.

ჩვენ არ გვყოფნის საკუთარი ნებისყოფა იმისთვის, რომ სამხედრო ბიუჯეტი გავზარდოთ. ჩვენ სწორედ დონალდ ტრამპის მუქარა გვჭირდება, რომ როგორმე ლეთარგიული ძილისგან გამოვფხიზლდეთ. ჩვენ გვჭირდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეგვარცხვინოს და იქნებ ცოტა გავინძრეთ ექსტრემისტებისა და ანტისემიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, იქნებ თვალი მეტად გავახილოთ და დანაშაულებრივად გახსნილი საზღვრების გამო მიყენებული ზიანი დავინახოთ, თვითდამშვიდების პოლიტიკის მიღმა.

დონალდ ტრამპს სურს, რომ სტიმული მისცეს ეკონომიკის ზრდას და რადიკალური დერეგულაციები განახორციელოს, გაათავისუფლოს მეწარმეები და ტექნოლოგიური ფირმები ზედმეტი გადასახადებისაგან.

მას სურს აკრძალოს DEI (diversity, equity and inclusion – ანუ მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა), იგი გეგმავს შეტევას უნივერსიტეტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის ტვინის გარეცხვაზე სპეციალდებიან.

დონალდ ტრამპი გამოდის კლიმატის ცვლილების მორწმუნე რადიკალ ფანატიკოსთა წინააღმდეგ და აქცენტს აკეთებს როგორც ენერგიის ტრადიციულ ნახშირწყალბადების შემცველ რესურსებზე, ასევე ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროებზე.
დონალდ ტრამპის ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის მიმართ ეფუძნება უბრალო პრინციპს: ყოველ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა შეუშვას თავის ტერიტორიაზე. უცხოელ დამნაშავეებს ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი ფხიზლად აფასებს ჩინეთთან დაკავშირებულ სიტუაციას.

აშშ-ის ექს-პრეზიდენტს, რომელიც მალე თავის ადგილს ისევ დაიკავებს თეთრ სახლში, კარგად ესმის, რომ ჩინეთის კომუნისტური იდეებით გაჟღენთილი რეჟიმი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილ ცივილიზაციას წარმოადგენს და რომ ჩინეთი მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის. ჩინეთი დასავლეთისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, ფაშიზმისა და კომუნიზმის დროიდან. დონალდ ტრამპს სურს გამოაფხიზლოს დიდი ბრიტანეთი, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკიისადმი დაბრუნება სახიფათო გადაწყვეტილებას წარმოადგენს – თუ კუნძულ დიეგო-გარსიაზე არსებული აშშ-ის სამხედრო ავიაბაზის მოქმედება შეიზღუდება, ჩინეთი უფრო გათამამდება.
დრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არ არის დემოკრატიული საზოგადოება. დიახ, ოდესღაც დასავლეთი მიამიტურად ფიქრობდა, რომ ჩინელმა კომუნისტებმა იდეოლოგია შეცვალეს და თითქოსდა კაპიტალიზმს და თავისუფალ სამყაროს დაუახლოვდნენ, მაგრამ , სამწუხაროდ, ამჟამად ჩინეთი ულტრათანამედროვე კოშმარულ, მილიტარისტულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ტირანულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩინეთის კომპარტია გლობალიზაციას, ვაჭრობას და ფასების სისტემას თავის იარაღად იყენებს მერკანტილური და ნეოიმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.
დონალდ ტრამპის რადიკალური და გაბედული ნაბიჯები განსაცვიფრებელია – მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩინეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა – თუ 2017 წელს ვაჭრობის დონე 21%-ს შეადგენდა, 2021 წლისათვის 14%-მდე შემცირდა. და ამ დროს რას აკეთებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა? ნუთუ ჩვენ გვინდა ჩინეთზე დამოკიდებულები ვიყოთ ელექტრომობილების წარმოებაში, თუნდაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ომი დაიწყოს?

დონალდ ტრამპი მართალი იყო, როცა ჩინეთი კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩინელმა კომუნისტებმა დამალეს უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ფაქტი. დონალდ ტრამპს სურს კარგად „დაფერთხოს“ სამედიცინო და ფარმაცევტული ისტებლიშმენტი და გამოამჟღავნოს ისინი, ვინც საზოგადოებას კოვიდის პანდემიის ფონზე ზიანი მიაყენა – უპირველეს ყოვლისა, ენტონი ფაუჩი, რომელმაც თავისი განცხადებებით ანტიკოვიდური ღონისძიების გატარება დაამუხრუჭა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო).

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ყველაზე პროისრაელურია და ყველაზე მტრულად არის განწყობილი ირანელი აიათოლების მიმართ. დონალდ ტრამპის კავალერია ყველაზე კრიტიკულ მომენტში მაშველად გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია ანტისემიტიზმისა და ფანატიკური ისრაელთფობიის ცუნამი შეაჩეროს. დონალდ ტრამპი ემზადება სანქციები შემოიღოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართ, რომელმაც ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაპატიმრებლად ორდერი გასცა. მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს იმის ძალა, რომ წინ აღუდგეს საერთაშორისო იურისტოკრატიას, გამოამჟღავნოს ე.წ „უფლებადამცველები“ როგორც სახიფათო მემარცხენე ფანატიკოსები.

სამწუხაროდ, უკრაინისათვის სიტუაცია კარგი არ იქნება. დემოკრატებმა იმდენი ქნეს, რომ ამერიკული საზოგადოება ვოლოდიმირ ზელენსკით დაღალეს. მართალია, კამალა ჰარისი უფრო გრძნობიერად გამოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მანაც კიევის ბედი ქარს გაატანა.

დონალდ ტრამპი შეეცდება ომი სწრაფად დაასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი დაპყრობილ მიწევს შეინარჩუნებს, მაგრამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ დაუშვებს იმას, რომ კრემლმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. დიახ, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ იგი იმავდროულად ძალიან მკაცრი იქნება [რუსეთისა] და ევროპის მიმართ: ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ევროპას მკაცრი არჩევანის წინაშე დააყენებს – გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინს თავისი ძალა აჩვენოს, ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტაროს.

რასაკვირველია, დონალდ ტრამპი, ალბათ, შეცდომებსაც დაუშვებს და ყველაფერში მართალი არ იქნება. ბევრ ბრიტანელს აღიზიანებს მისი ქცევის სტილი და ჩხუბისთავობა. მისი პროტექციონიზმი მოკავშირეების მიმართაც კი შეშფოთებას იწვევს… მაგრამ თუ იგი თავისი გეგმების შესრულებას შეძლებს, სასარგებლო იქნება არამარტო ამერიკისათვის და დიდი ბრიტანეთისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: