“დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება” – კახა კალაძე

154
spot_img

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, საიდანაც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, არ არის მიმდინარე მშენებლობა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი პროექტია. მუნიციპალიტეტი კი, გვერდით უდგას „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება შენობის სრული დემონტაჟი და ახალი ნაგებობა აშენდება.

„გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა.

ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.