დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა – ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ მისთვის – რას წერს “დეილი ტელეგრაფი“

33
spot_img

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად“ (ავტორი – გრანტ შეპსი, თავდაცვის მინისტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დიქტატორი „დიდი ძმა“ ქვეყანას რკინის ხელით მართავს. ვრცელდება დეზინფორმაციები სიმართლის დამახინჯების მიზნით. მოსახლეობა შეშინებულია გამოუცნობი საშინელებებით, რომლებიც 101-ე ოთახში ხდება…“. 75 წელი გავიდა ჯორჯ ორუელის ცნობილი შედევრის „1984“-ის გამოსვლის შემდეგ და მისი განსხვავება ვლადიმერ პუტინის თანამედროვე ანტიუტოპიისაგან დღითი დღე მცირდება. რა თქმა უნდა, ჯორჯ ორუელს თავისი დიდი ოპუსი „ჯიბეში ბროლის ბურთულით“ (ანუ წინასწარმეტყველებით) არ შეუქმნია, იგი მოვლენებს რეალურად უყურებდა. ერთი წლით ადრე, სანამ „1984“ წიგნის მაღაზიებში გასაყიდად დაიდებოდა, კრემლმა უკვე განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში, შემოიღო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა და მოსახლეობას სურსათ-სანოვაგე, საწვავი და პირველი მოხმარების საგნების მიწოდება შეუწყვიტა… გამოცადა თავისი პირველი კოსმოსური რაკეტაც.

1940-იან წლების ბოლოს სიტუაცია ევროპაში ძალიან უსიხარულო იყო და შეიძლებოდა ვითარება უფრო გაუარესებულიყო, თუ ვაშინგტონში 75 წლის წინათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდებოდა: იქ, სახელმწიფო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება. როგორც პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აღნიშნა ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე, „მამაც და შორსმჭვრეტელ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვრონ“. ასე შეიქმნა ნატო.

ბევრ ჩვენგანს მსოფლიო ნატოს გარეშე არასოდეს არ ჰქონდა წარმოდგენილი. ჩვენს ცნობიერებაში ალიანსის არსებობა თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ დრეს მოვიდა დრო გამოვხატოთ ჩვენი მადლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ნატოს ძლიერებამ დაასრულა ცივი ომი და დაანგრია ბერლინის კედელი. სწორედ ნატო გახდა მშვიდობისა და აყვავების საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში. როცა ბალკანეთში ქაოსი 1990-იან წლებში ქაოსი გაბატონდა, მშვიდობა სწორედ ნატოს დახმარებით აღდგა. როცა 11 სექტემბერს „ტყუპი ცათამბჯენები“ დაინგრა, სწორედ ნატომ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირველად გამოიყენა ისტორიაში ხელშეკრულების მე-5 პუნქტი ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. და როცა ორი წლის წინ იოსებ სტალინის მემკვიდრემ 21-ე საუკუნეში ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა მოახდინა, ნატო ისევ გააქტიურდა კიევის დასახმარებლად აგრესიის მოგერიებაში.

დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ კიდევ უფრო დიდი გახდა, ვიდრე ოდესმე, როცა თავის რიგებში 31-ე და 32-ე წევრებად ფინეთი და შვედეთი მიიღო.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ნატოს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ალიანსის პირველი შტაბ-ბინა ლონდონში იყო განთავსებული, ხოლო მისი პირველი გენერალური მდივანი ცნობილი სამხედრო პირი, გენერალი, ლორდი ჰასტინგ ისმეი იყო. და მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ დღეს ჩვენს ვალდებულებას მტკიცედ ვიცავთ და ვინარჩუნებთ. ჩვენ ნატოს ყველა მისიაში ვმონაწილეობთ. ჩვენი ბირთვული შეკავების საშუალებები ხელს უწყობენ ბირთვული ქოლგის სიმტკიცეს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა წევრს იცავს.

მაგრამ არასაკმარისი იქნებოდა ნატოს წარსულისათვის ხარკის გადახდა და დღევანდელ წარმატებებზე ლაპარაკი. ახლა ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ომისშემდგომი მსოფლიოდან ომამდელ მსოფლიოში გადმოვედით. რუსეთი ჩვენს მეზობლებს ემუქრება. ჩინეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. ირანი თავის დამქაშებს იყენებს, რომ რეგიონში – ახლო აღმოსავლეთიდან იემენის სრუტემდე – ქაოსი დათესოს. ჩრდილოეთი კორეა მუდმივად იარაღს აჟღარუნებს. ეს მტრული ქვეყნები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან და ჩვენი დემოკრატია მათი იარაღის სამიზნე ხდება.
მოკლედ, ჩვენ სამი რამ უნდა გავაკეთოთ:

პირველი – უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინელებმა საოცარ წარმატებას მიაღწიეს შავ ზღვაზე, სადაც მათ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად დაბლოკეს და [ჩაძირვას გადარჩენილი] ხომალდები პორტებიდან გამოსვლას ვეღარ ბედავენ, ფლოტი უმოქმედოდაა. ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას სათანადო დახმარების გაწევით. ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უყოყმანო უნდა იყოს, რადგან კიევი თავისუფლების საზღვარს იცავს თითოეული ჩვენგანისათვის. თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი მსხვერპლნი უახლოესი მეზობლები აღმოჩნდებიან. აი, ამიტომაც გამოვუყავით ჩვენ უკრაინას 2022 წლიდან 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ხოლო 2014 წლიდან 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გავწრთვენით – ქვეითებიდან დაწყებული მფრინავების ჩათვლით.

მეორე – ალიანსის წევრებმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ სცდებიან, როცა ელოდებიან, რომ ნატოელი მოკავშირეები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ საერთო თავდაცვისათვის. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებას სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენი თავდაცვითი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,28%-ს შეადგენს და გვინდა 2,5%-მდე გავზარდოთ. ნატოს ბევრი წევრი უკვე სამხედრო ხარჯებს სათანადოდ ზრდის და როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, უკვე ამ წლის ბოლოსათვის 18 ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მათი მთლიანი მშპ-ის 2% იქნება. გასულ წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 11 იყო და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მათი რაოდენობის ზრდა. სამწუხაროდ, ზოგიერთებს 2%-იანი თამასის მიღწევა ჯერაც არ შეუძლიათ. სიტუაციის ასე გაგრძელება შეუწყნარებელია. ჩვენ არ შეგვიძლია „რუსული რულეტი“ ვითამაშოთ ჩვენს საკუთარ მომავალთან.

მესამე – უნდა განვამტკიცოთ ევროატლანტიკური სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობის სექტორი. რუსეთი ავითარებს თავის მრეწველობას საკუთარი სამხედრო მოთხოვნილებების შესაბამისად, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ მეტი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ მეტი სამხედრო მასალების წარმოებისა და მათი რეზერვების შექმნის მიზნით. სწორედ ამიტომ მე ხელი მოვაწერე რიგ დოკუმენტებს სამხედრო შეკვეთებისა და შესყიდვების სფეროში. 245 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება საარტილერიო ჭურვების წარმოებაში და კიდევ უფრო მეტი – უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებაში იმ მიზნით, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისათვის დრონების უდიდესი მიმწოდებელი გახდეს.

75 წლის წინათ ჯორჯ ორუელმა ნატოს გარეშე არსებული მსოფლიოს საშინელი სურათი დახატა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სახიფათო ეპოქაში ვცხოვრობთ. „დიდი ბოროტი და ავტოკრატი ძმები“ ისევ ცდილობენ ჩვენს გათიშვა-დაყოფას, მაგრამ დღეს ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს: ნატო ამჟამად უფრო დიდია, უფრო ძლიერი და უფრო გამოცდილი, ვიდრე ოდესმე და სანამ ჩვენ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. გარანტიას ვიძლევით, რომ ორუელისებური ფინალი არასოდეს არ დადგება.

წყარო