დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი – დავით მათიკაშვილი 

10
spot_img

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად, სასამართლოსადმი, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ის კარგი, შეიძლება ითქვას, უნიკალური წესი, რომლის ანალოგიც ალბათ ერთადერთი შეერთებულ შტატებში თუ არის, კონგრესში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გულისხმობს, ოპოზიციამ არ გამოიყენა.

„ეს წესი დავნერგეთ ჩვენ წლებია და საშუალებას აძლევს ყველა მხარეს მთელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, თვალწინ დასანახად კითხვები დაუსვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ამით, კიდევ ერთხელ არის მათი დამოკიდებულება როგორც ნიჰილისტური, ასევე, ზოგადად, დამოკიდებულება ნაჩვენები სასამართლოსადმი და იმ კანდიდატებისადმი, რომელთა შესახებ მსჯელობას როგორც კომიტეტი, ასევე სესია აწარმოებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მოსმენა უკვე დაასრულა. განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.