ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც პრემიერმა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფასეულობების მიმართ გააჩნია გარკვეული პრინციპები, რასაც ცვლილება არ ემუქრება. „პრემიერის ჩასვლა, მისი სიტყვით გამოსვლა, პათოსი, ის პრინციპები, რომელზეც მან ისაუბრა ჩვენთვის ახალი არ არის. პრემიერმა რაზეც ისაუბრა – ეროვნული ფასეულობები, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული მემკვიდრეობა, თვითშეგნება – არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც ისაუბრა პრემიერმა. საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული პრინციპები, დამოკიდებულება თავის ეროვნულ ფასეულობების მიმართ და ამ ფასეულობებს რასაკვირველია არანაირი ცვლილება არ ემუქრება. ჩვენი კონსერვატიზმი არ თრგუნავს ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ – თუკი კონსერვატიზმი არსებობს ჩვენს დამოკიდებულებაში ეროვნული ფასეულობების მიმართ, ეს არანაირად არ თრგუნავს ჩვენს ლიბერალურ დამოკიდებულებას, ტოლერანტობას რაც ისტორიული მემკვიდრეობით ერგო საქართველოს. გადავიდეთ პოლიტიკურ ვითარებაზე ზოგადად და უსაფრთხოების საკითხებზე რაც მსოფლიოშია შექმნილი. ხომ არ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოქმედებს გარკვეული პოლიტიკური რესურსი, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი? კანდიდატობის თემა გახდა ის საჯილდაო ქვა, რომელიც შემოგორდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პოზიციებთან – სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან, ამ საომარ მოქმედებებში ჩართულობასთან, რაზედაც ესოდენ მძიმე და გააფთრებული მოწოლა გამოვიარეთ. ახლა შეიცვალა რიტორიკა, სხვა მხრიდან მოგვიარეს – თითქოსდა კონსერვატიზმის გარკვეული ფორმა წინააღმდეგობაშია იმ პრინციპებთან, რომელიც ევროპულ დემოკრატიას გააჩნია, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. ჩვენთან ყველას უფლება დაცულია და იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის, სანამ ხელისუფლებაში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.