“დღესაც მობილიზებულია საპარლამენტო ოპოზიცია და კვლავ ვითხოვთ პარლამენტისგან, თავისი მოვალეობა შეასრულოს”

64
spot_img

უკვე მესამე საპარლამენტო დღეა, როცა ხელისუფლება ცდილობს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის პარლამენტის არაქმედუნარიანობა წარმოაჩინოს საზოგადოების თვალში, ოღონდ საფრთხე არ შეექმნას სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში დღესაც მობილიზებულია.

„დღეს ასევე მობილიზებულია საპარლამენტო ოპოზიცია 50 წევრის შემადგენლობით და კვლავ ვითხოვთ პარლამენტისგან, თავისი მოვალეობა შეასრულოს, რეგისტრაცია გაიარონ და საკმარისი კვორუმი იყოს, რომ კენჭისყრები ჩატარდეს. ამ საგამოძიებო კომისიის საკითხთან ერთად სხვა გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციური პრეროგატივა და ხელისუფლება სარეგლამენტო მანიპულაციებით ოპოზიციისათვის, კონსტიტუციის დარღვევით, ამ უფლების შეზღუდვას არ უნდა ცდილობდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, იქნება დღე, როცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივლინებებში, შეხვედრებზე იქნებიან, ზოგი ავად გახდება, ამისგან დაზღვეული არავინაა. ხელისუფლება იმ მომენტს ელოდება, როცა ამ პროცესს გამოიყენებს და საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია მოითხოვს ხელისუფლებისგან, სარეგლამენტო ხრიკებს თავი დაანებონ.

„მიიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ან არჩევნები ჩაატარონ და თავისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ, საშუალება მისცენ საპარლამენტო ოპოზიციას, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლონ და საგამოძიებო კომისია შექმნან. ეს საგამოძიებო კომისია ოპოზიციას კი არ სჭირდება, ქვეყნის რეპუტაციას სჭირდება. როცა მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჰყვება სასამართლო სისტემა, ეს სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანია. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ქვეყანას მართავს რუსული ოცნება, ესენი რუსული რბილი ძალის წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ატარებენ, რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში. ამიტომ ეს რეჟიმი ცდილობს დღეს ხელისუფლების შენარჩუნებას. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება, მათი მთავარი საკითხი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაა და ამისათვის მზად არიან, ყველაფერი გაწირონ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.