რუსეთის რეგიონულ გაზეთ „კაბარდინო-ბალკარსკაია პრავდაში“ (Кабардино-Балкарская правда) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დღესასწაული მეგობრების წრეში“ (ავტორი – ირინა ბოგაჩოვა“, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ აღნიშნეს „თბილისობის“ დღესასწაული ნალჩიკში მცხოვრებმა ქართველებმა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
შემოდგომის მოსავლის აღმნიშვნელი ტრადიციული სახლახო დღესასწაული გახდა იმ შეხვედრის თემა, რომელიც ერთობლივად განახორციელეს ქართული კულტურის რეგიონულმა ცენტრმა „რიონმა“ და ყაბარდო-ბალყარეთის კულტურის ფონდმა.
ღონისძიება, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გახსნა კულტურის ფონდის თავმჯდომარემ ლუიზა მაკოევამ. მან დამწრე საზოგადოებას გაახსენა, რომ ნალჩიკში ქართული საზოგადოებრივი გაერთიანება „რიონი“ 1987 წელს დაარსდა, ხოლო 2021 წელს ოფიციალურად ხელახლა გაიარა რეგისტრაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის სამმართველოში. „რიონს“ ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან.
სტუმრებს მიესალმა „რიონის“ თავმჯდომარე სერგეი (დავით) ყავლაშვილი, რომელმაც ისაუბრა ყაბარდოელების, ბალყარებისა და ქართველების ისტორიულ ურთიერთობაზე. ქართველები თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ძირითადად XIX საუკუნიდან ცხოვრობენ, პირველი წყაროები კი XVII საუკუნით თარიღდება. დღეისათვის ქართველების რაოდენობა თითქმის ორი ათასს აღწევს. „რიონის“ მოქმედება მიმართულია ქართველი ხალხის ტრადიციების, მემკვიდრეობისა და ენის შესასწავლად, ქართული კულტურის პროპაგანდისა და ხალხთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდისათვის.
„რიონის“ საზოგადოებაში მორიგი შეხვედრა მეგობრებთან – რესპუბლიკის ეროვნულ-კუტურუსლ ცენტრების წარმომადგენლებთან – ოქტომბრის საშემოდგომო მოსავლის დღესასწაულის აღნიშვნამ გამოიწვია: „თბილისობა“ საქართველოში სწორედ ამ პერიოდში იმართება ხოლმე. ამ დროს ძირითადად უკვე დასრულებულია „რთველი“, რაც ვენახებში ყურძნის კრეფის სეზონის დამთავრებას და ღვინის დამზადების დაწყებას აღნიშნავს.
თბილისს უძველესი ქალაქია, პირველად წყაროებში 455 წელს მოიხსენიება და მისი სახელი განიმარტება როგორც „თბილი წყლის“ ადგილი. „თბილისობის“ დღესასწაულის დროს პატივი მიეგება ქართველ მშრომელებს, კულტურის მოღვაწეებს, წინაპართა ტრადიციების გამგრძელებლებს, რაც საქართველოს ეროვნულ მონაპოვარს შეადგენს.
როგორც ექიმმა ანზორ ლობჟანიძემ თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა, „ვენახს, ვაზსა და ყურძნის მტევანს ქართულ ეროვნულ კულტურაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიან-მართლმადიდებელია და ქართული ჯვარი სწორედ ვაზის ლერწმითაა გამოსახული. ფრესკებზე სწორედ ასეთი ჯვარი აქვს ხელში წმინდა ნინო კაპადოკიელს, რომელიც ქართველ ხალხში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება“.
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ქართული დაისპორის ყველა თაობის წარმომადგენლები, ასევე ყაბარდო-ბალყარელი მომღერლები და კულტურის სფეროს მუშაკები.
ნალჩიკში არსებულმა ჩრდილოეთ კავკასიის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტმა კანტემირ ასეევმა შეასრულა სიმღერა „თბილისო“, რომელიც რუსეთში ძალიან პოპულარულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე თბილისის კონსერვატორიაში ლექციებს უკითხავდა ყაბარდოელ მომავალ კომპოზიტორს ჯაბრილ ხაუპს.
ცეკვა „აჭარულის“ შესრულებით ღონისძიების მონაწილეთა წინაშე წარსდგა ჩუვაშეთის კულტურული ცენტრის „ნარსპის“ გუნდი ელენა სესპელის ხელმძღვანელობით.
და ბოლოს, ჩვენი რესპუბლიკის ეროვნული კულტურის ცენტრების წარმომადგენლებმა ურთიერთობა ქართულ სადღესასწაულო სუფრაზე გააგრძელეს.