“დღეს თითოეული ქართველი ერთად, გაერთიანებულები უნდა ვზეიმობდეთ” – ლევან დავითაშვილი

28
spot_img

მისასალმებელია თუ სალომე ზურაბიშვილიც უერთდება სახალხო ზეიმს , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გაერთიანებული უნდა ზეიმობდეს.

„ეს გადაწყვეტილება არის თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს თითოეული ქართველი ერთად, გაერთიანებულები უნდა ვზეიმობდეთ. ასეც არის, დღეს აქ ყველანაირი განსხვავებული აზრის მიუხედავად ადამიანები შეიკრიბნენ ერთ იდეის გარშემო და რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე საქართველოს მოქალაქეა და რა თქმა უნდა, მისასალმებელია თუ ისიც უერთდება სახალხო ზეიმს და რა თქმა უნდა, მას მივესალმები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველომ სამართლიანად მიიღო ის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო.

„თითოეული ქართველი არის გახარებული იმიტომ, რომ ჩვენი შრომა, ჩვენი მონდომება, ჩვენი მისწრაფება დღეს დაფასდა. საქართველომ სამართლიანად მიიღო ის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. საქართველომ თავისი მონდომებით, თავისი შემართებით, მათ შორის თავისი პროფესიონალური ძალისხმევით დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებდით პირნათლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის გაწეული შრომისთვის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურებაც არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მაღალი დონის პროფესიონალიზმი. მონდომება, დღე და ღამე შრომა, პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიდოდით. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება და თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვულოცავ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.