დღეს, საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი და დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა  სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა -არჩილ თალაკვაძე

25
spot_img

დღეს, საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი და დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ამას ადასტურებს ის, რომ დღეის მდგომარეობით, 10 მილიონ სამედიცინო შემთხვევაზე მეტი აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენის დროს განაცხდა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო დემოკრატია არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების მხარდაჭერით რეალურად მოიტანა ამ ქვეყანაში.

„მოდით, ვნახოთ როგორ გამოიყურება საპარლამენტო დემოკრატია ჩვენთვის და როგორ გამოიყურება საპარლამენტო დემოკრატია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის, რომელსაც ვერ წარმოუდგენია საზოგადოებასთან თანაცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე.

ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მინისტრების და პრემიერ-მინისტრის მოსმენები პარლამენტში ჯამურად აღემატება წინა 20-25 წლის რაოდენობას. სამაგიეროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა და ბოლო ორი წლის განმავლობაში იმდენი მნიშვნელოვანი სხდომა გააცდინა ჯამურად, რამდენიც არც ერთ სხვა ოპოზიციას წინა 25 წლის განმავლობაში არ გაუცდენია. ეს არის იმის მაგალითი როგორ ვხედავთ საპარლამენტო დემოკრატიას ხელისუფლება, ვინც ქვეყნის მართვაზე ვართ პასუხისმგებელი და როგორ ხედავს ამას ოპოზიცია, ვინც როგორც ჩანს, მხოლოდ ლოზუნგებზე და უსაფუძვლო კრიტიკულ განცხადებებზე არის პასუხისმგებელი, მაგრამ ამაზეც ვერ იღებს ბოლომდე პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ნამდვილად პრივილეგიაა ის, რომ პოლიტიკოსი საპარლამენტო გუნდიდან და საპარლამენტო გამოცდილებით ხელმძღვანელობს დღეს სამინისტროს.

„თითოეული საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა არის არა მხოლოდ განცხადებები, არის არა მხოლოდ პირობები, არამედ ამ სიტყვებს და ამ გეგმებს უკავშირდება ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, მის გამოსვლას, მის თითოეულ სიტყვას პარლამენტში თუ სხვაგან საჯაროდ გაკეთებულს, აქვს ეს დამატებითი ფასი და მნიშვნელობა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სფეროს ყველა პროფესიონალს – ექიმებს, ექთნებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს და ურთულესს სექტორში მუშაობს და ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დაცვას. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მზად არის, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.