დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა, შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი – ვლოცულობთ გამარჯვებისთვის -ზელენსკი

105
spot_img

შობა არის დღესასწაული, რომელიც ავსებს გულებს სინათლით, რომელიც ყოველთვის გვაძლევს იმედს. უკვე მეორე წელია, ვსწავლობთ მის სხვა ფორმას, სხვა განზომილებას. ეს არის შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და არომატით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივ იყო. იმიტომ რომ ყველა არ ვართ სახლში და ყველას არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ ვინ ზის მაგიდასთან და რა ძვირფასია მათი გვერდით ყოფნა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ყველას, ვინც ომში იმყოფება, შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„ყოველდღე ვლოცულობთ თითოეული მათგანისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბოროტება დამარცხდება და სიკეთე გაიმარჯვებს.

„შობის ღამე არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დრო, მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე გაბატონებას დაიწყებს. შუქი გაძლიერდება და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან დაიხევს. სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის რისთვისაც ყველა ვლოცულობთ : ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს და ვეტყვით ერთმანეთს: “ქრისტე იშვა!”“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინა შობას წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.