დღეს ფასების ზრდაზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც სანქციების დაწესებას ითხოვდა რუსეთთან და ეკონომიკის ჩამოშლას, მაშინ გენახათ ფასების ზრდა და ხალხის გაჭირვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, როდესაც კოვიდპანდემიის დროს და შემდგომ პერიოდშიც ფასები მართლა იზრდებოდა და სერიოზული პრობლემა იყო, ამ ფასებზე მათ კამპანიურად არ უსაუბრიათ.
„ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რაიმე ნორმას, ამ სახით, იმ სახით, ცუდი რომ არის, ამაზე ვერ გვცემენ პასუხს. იცით, რატომ? რადგან აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ – პატრონების. ეს არის რეალობა, ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, რომ, მოდი, ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან და აქ ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა. დღემდე რომ გაურბიან და მიკიბვ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, თითქოს აქტუალური არ არის. ჩვენ ხომ ეს თემა წამოვწიეთ და ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოწიეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდიო.
ჩვენ ვპასუხობთ, დიახ, ფასების ზრდა არის ცუდი. განსაკუთრებით, ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდეგ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. ამაზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც სანქციების დაწესებას ითხოვდა რუსეთთან და ეკონომიკის ჩამოშლას. მაშინ გენახათ თქვენ ფასების ზრდა და ხალხის გაჭირვება. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ წლების განმავლობაში შეძლო და სიღარიბე გაანახევრა, ამ ხალხის გაჭირვებაზე თავიანთ პიარკამპანიას აგებენ. თურმე აქაც გამზადებული ჰქონიათ კამპანია, როგორც კი სანქციებს დავაწესებდით და ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, მინუსში წავიდოდა, ორნიშნა ზრდაში კი არა. ამ კამპანიას, რასაც ახლა უყურებთ, „დაცხებდნენ““, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, გაჭირვებულ ადამიანებზე პოპულისტური პიარის აგება ბინძური და მდაბიო საქციელია.
„ძალიან ცუდია გაჭირვებული ადამიანის არსებობა. ქვეყანას ვერ იპოვნით, სადაც ასეულობით ათასი და, შეიძლება, მილიონობით გაჭირვებული ადამიანი არ იყოს, გააჩნია ქვეყნის სიდიდეს. მათზე პოპულისტური პიარის აგება ცალკე სიბინძურე და მდაბიოობაა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მათ გამზადებული ჰქონიათ კამპანია, სანქციებს რომ დააწესებინებდნენ ქვეყანას, ამისთვის ხომ იბრძოდნენ ორი წელი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ საქართველოს დააზიანებდა, ჩამოშლიდა ქვეყანას ეს კამპანია, უკვე დაწერილი პიარგეგმა, რომელიც მოქმედებაში ახლა მოიყვანეს, თუმცა გამოჩნდა, რომ სპეკულაციურია და იმ დროს განსაკუთრებით, როდესაც ვერ ამბობენ თავიანთი პატრონების და ქართველი ხალხის შიშით, კარგია თუ ცუდია ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.